გიორგი კალანდაძე გირაოს სახით 10 ათას ლარს გადაიხდის

გიორგი კალანდაძე გირაოს სახით 10 ათას ლარს გადაიხდის

გაერთიანებული შტაბის ყოფილი უფროსი გიორგი კალანდაძე გირაოს სახით 10 ათას ლარს გადაიხდის. მას აღარ დააპატიმრებენ.

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ბადრი შონიამ დააკმაყოფილა კალანდაძის ადვოკატის შუამდგომლობა, რომ აღმკვეთ ღონისძიებად კალანდაძის მიმართ გამოყენებული ყოფილიყო გირაო 10 ათასი ლარის ოდენობით.

რაც შეეხება ბაჩო ახალაიას, მოსამართლემ ახალაიას ადვოკატის შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა და მას აღმკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

როგორც მოსამართლემ განმარტა, მან გაითვალისწინა გაერთიანებული შტაბის უფროსის მოვალეობის შემსრულებლის ვახტანგ კაპანაძის დახასიათება, რომელიც გიორგი კალანდაძეს დადებითად ახასიათებს. გარდა ამისა, მოსამართლემ ხაზი გაუსვა იმას, რომ გიორგი კალანდაძე პროცესზეც მივიდა.

ბაჩო ახალაიას ადვოკატი დავით დეკანოიძე მიიჩნევს, რომ პროკურატურის შუამდგომლობა იყო უსაფუძვლო, დაუსაბუთებელი და ის არ უნდა დაკმაყოფილებულიყო. მისი თქმით, ამ შუამდგომლობის დაკმაყოფილების შემთხვევაში ახალაიას სტატუსი არ შეეცვლებოდა, რადგან ის ამჟამადაც პატიმარია.

ამასთან, გიორგი კალანადაძე ერთხელ უკვე იყო დაპატიმრებული და 20 ათასი ლარის გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს. კალანდაძის და ბაჩო ახალაიას საკითხის სასამართლო მას შემდეგ დაუბრუნდა, რაც მათ ბრალი დაუმძიმდათ.