ნატო-ს ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციის თანახმად, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი დღეს, ბრიუსელში ნატო-ს გენერალურ მდივანს, ანდერს ფოგ რასმუსენს შეხვდება.
შეხვედრა ბრიუსელის დროით 11:00 (თბილისის დროით 14:00) საათზე დაიწყება.
შეხვედრა ალიანსის ოფიციალურ ვებგვერდზე პირდაპირ ეთერში გადაიცემა და მასში პრემიერთან ერთად, მონაწილეობას მიიღებენ საქართველოს საგარეო საქმეთა,,თავდაცვისა და ევროინტეგრაციის მინისტრები.
საგარეო საქმეთა მინისტრის მაია ფანჯიკიძის განცხადებით, შეხვედრაზე განიხილება ნატო-საქართველოს თანამშრომლობის მნიშვნელოვანი ასპექტები და წარმოდგენილი იქნება ახალი მთავრობის კონკრეტული გეგმები ალიანსთან ურთიერთობის კუთხით.
„ვისაუბრებთ ყველაფერზე, რაც ხდება საქართველოში ნატო-ში ინტეგრაციის კუთხით. ნატო-სთან თანამშრომლობის მიმართულებით კონკრეტული გეგმა გვაქვს. ყველაფერი გეგმის მიხედვით გრძელდება. მე ნატო-ს მინისტერიალშიც მივიღებ მონაწილეობას“,- განაცხადა ფანჯიკიძემ.