რასმუსენის შეფასებასთან დაკავშირებით, საპარლამენტო კომიტეტები განცხადებას ავრცელებენ

რასმუსენის შეფასებასთან დაკავშირებით, საპარლამენტო კომიტეტები განცხადებას ავრცელებენ

საპარლამენტო უმრავლესობა მიიჩნევს, რომ ნატო-ს სტანდარტების საბოლოოდ დამკვიდრებისთვის საქართველოს მეგობრების დროული რჩევები, რეკომენდაციები და ფაქტებზე დაფუძნებული კრიტიკა სჭირდება.

 ნატოს გენერალური მდივნის, ანდერს ფოგ რასმუსენის მიერ გაკეთებულ შეფასებასთან დაკავშირებით, პარლამენტის თავდაცვის, საგარეო ურთიერთობათა და ევროინტერგაციის კომიტეტების თავმჯდომარეებმა ერთობლივი განცხადება გაავრცელეს.

 განცხადებაში ნათქვამია, რომ ნატოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციის ტექსტში გამოთქმულია წუხილი ადგილობრივი თვითმმართველობის ინსტიტუტებზე, ასევე, საქართველოს საზოგადოებრივ მაუწყებელზე განხორციელებული ზეწოლის თაობაზე და რეზოლუცია მოუწოდებს ახალ ხელისუფლებას თავი შეიკავოს პოლიტიკურად მოტივირებული დაპატიმრებებისგან.  

 „სამწუხაროა, რომ აღნიშნული განცხადების და რეზოლუციის გაკეთების საფუძველი გახდა არა საქართველოში ნატო-ს წარმომადგენლობის, ნატო-ს წევრი ქვეყნების დიპლომატიური მისიების ან ავტორიტეტული საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ მიწოდებული ინფორმაცია, არამედ, სავარაუდოდ, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლების მიერ მიწოდებული დამახინჯებული ინფორმაცია და ცალმხრივი შეფასებები. შედეგად, ნატოს საპარლამენტო ასამბლეამ რეზოლუციით მხარი დაუჭირა საქართველოსთვის MAP-ის მინიჭებას, მაგრამ ამავე რეზოლუციაში დაფიქსირდა დაუსაბუთებელი ბრალდებებიც, რამაც ნეგატიური გავლენა იქონია საქართველოსთან მიმართებაში ტექსტის მთლიან შინაარსზე“,  - აღნიშნულია განცხადებაში.

 დეპუტატთა შეფასებით, ნატოსა და ევროკავშირში ინტეგრაცია არის საქართველოს საგარეო პოლიტიკის ის ძირითადი მიმართულება, რომელსაც პირველ რიგში, ქართველი ხალხის ნება განაპირობებს, ხოლო საქართველოს მთავრობა და პარლამენტი ამის გარანტია.

 „საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება მოწოდებულია ქვეყანაში საერთაშორისო სამართლის პრინციპებისა და ნორმების, ძლიერი, ფუნქციონირებადი დემოკრატიის, კანონის უზენაესობის, ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა ფუნდამენტური პრინციპების დამკვიდრებისკენ. ამ საკითხებზე მზად ვართ ვითანამშრომლოთ ნებისმიერ პოლიტიკურ ძალასთან, მათ შორის საპარლამენტო უმცირესობასთან რადგან მიგვაჩნია, რომ რომ პირადი ინტერესები და ვიწრო პარტიული დამოკიდებულებები არ უნდა დადგეს საქართველოს სახელმწიფოს ინტერესებზე მაღლა. მზად ვართ ვითანამშრომლოთ ყველა დაინტერესებულ პირთან და ორგანიზაციასთან და ყველა საკითხზე მივაწოდოთ ზუსტი და ამომწურავი ინფორმაცია. ამასთანავე, კოალიცია „ქართულ ოცნებას“ ხალხმა მხარი დაუჭირა იმ იმედით, რომ ახალი მთავრობა ერთხელ და სამუდამოდ დაასრულებს ქვეყანაში სააკაშვილის გუნდის მიერ დამკვიდრებულ პოლიტიკური ნიშნით დევნას, შერჩევით მართლმსაჯულებას, დემოკრატიის ფუნდამენტური პრინციპების უგულებელყოფას და ავტორიტარულ მმართველობას. შესაბამისად, მოქალაქეთა უფლებების უხეშად შელახვაში, ხელისუფლების ბოროტად გამოყენებაში და საბიუჯეტო სახსრების გაფლანგვაში მხილებული პირების დამოუკიდებელი მართლმსაჯულებისთვის წარდგენა და შეიარაღებულ ძალებზე სამოქალაქო კონტროლის გაძლიერება არის ჩვენი სწრაფვა ქვეყანაში ნატო-ს ღირებულებების დამკვიდრებისკენ და არა პოლიტიკური ოპონენტების დევნა, როგორც ეს ბატონ რასმუსენს წარმოუჩინეს“, - აღნიშნულია განცხადებაში.