საქართველოს მთავარი პროკურატურის ვებ-გვერდზე ბაჩო ახალაიასა და გიორგი კალანდაძის მიმართ წარდგენილ ახალ ბრალდებასთან დაკავშირებით, მოწმეების ჩვენებები ქვეყნდება.
მოწმის სახით არსებული 17 პირიდან ამ დროისთვის უწყების ვებ-გვერდზე 11-ის ჩვენებაა განთავსებული.
ისინი ჩვენებებში თავდაცვისა და შინაგან საქმეთა ყოფილ მინისტრ ბაჩო ახალაიას, ასევე გაერთიანებული შტაბის ყოფილ უფროსს, გიორგი კალანდაძეს სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფაში ადანაშაულებენ.
„2010 წლის 16 თებერვალს, გვარდიის დეპარტამენტის უზრუნველყოფის ასეულის 17-მა თანამშრომელმა იმ მიზეზით, რომ ისინი იყვნენ მძღოლები და მორიგეობდნენ წინა ღამით, უარი განაცხადეს დილის ვარჯიშზე. 2010 წლის 18 თებერვალს, ღამით, დაახლოებით 02-03 საათზე, ბაჩანა ახალაიას ბრძანებით, რომელიც იმჟამად საქართველოს თავდაცვის მინისტრი იყო, აღნიშნული პირები, მათი დასჯის მიზნით, ქალაქ თბილისიდან სენაკის მეორე ბრიგადის ტერიტორიაზე გადაიყვანეს. ადგილზე ჩასულ სამხედრო მოსამსახურეებს, სხვა სამხედრო პირებთან ერთად, დახვდა ბაჩანა ახალაია და შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების სარდალი გიორგი კალანდაძე. ბაჩანა ახალაიამ, გიორგი კალანდაძემ და გამოძიებით დადგენილმა სხვა პირებმა, სენაკში ჩაყვანილ სამხედრო მოსამსახურეებს, მათ ორ ოცმეთაურთან ერთად, სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. შემდეგ, ბაჩანა ახალაიას ბრძანებით, ისინი გააშიშვლეს წელს ზევით და დაახლოებით ერთი საათის მანძილზე სიცივეში არბენინეს. ბაჩანა ახალაიას ბრძანებით, სამხედრო მოსამსახურეები ჩაკეტეს ამავე ბრიგადის აბანოში, დაუყენეს მათ გუშაგები, გამოურთეს გათბობა და გაუსაძლის სიცივეში ამყოფეს 3 ღამისა და 2 დღის განმავლობაში, 2010 წლის 20 თებერვლამდე. აბანოში სადაც ჯარისკაცები იყვნენ ჩაკეტილები, არ იყო საწოლები, ლეიბები, პლედები და სკამები, რის გამოც მათ ეძინათ ცივი მეტლახის ფილებზე. თავისუფლების უკანონო აღკვეთის პარალელურად, დაახლოებით 36 საათის მანძილზე, ჯარისკაცების არ მიეწოდებოდა საკვები. აღნიშნული ქმედებით ბაჩანა ახალაიამ ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით (თავისუფლების უკანონო აღკვეთა - ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 7-დან 10 წლამდე) და 1441 მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და „დ“ ქვეპუნქტებით (წამება - ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 9-დან 15 წლამდე) გათვალისწინებული დანაშაული. ბაჩანა ახალაიას ზემოაღნიშნული ქმედებით დარღვეულ იქნა ასევე, ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-3 მუხლი (წამების, არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობის აკრძალვა). გიორგი კალანდაძემ, რომელმაც სცემა და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა ჯარისკაცებს ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაული. ჩადენილ დანაშაულთა გამო, ბაჩანა ახალაიას და გიორგი კალანდაძეს 2012 წლის 12 ნოემბერს წარედგინათ ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის ზემოაღნიშნული მუხლების დარღვევისათვის. ბაჩანა ახალაიასა და გიორგი კალანდაძის მიერ აღნიშნული დანაშაულის ჩადენის ფაქტი დადასტურებულია 17-ვე სამხედრო მოსამსახურისა და 2 ოცმეთაურის ჩვენებით და სხვა მოწმეთა დაკითხვის ოქმებით. საქართველოს პროკურატურამ ბრალდებულთა მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების მოთხოვნის შუამდგომლობით თბილისის საქალაქო სასამართლოს უკვე მიმართა“,- ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.
ჩვენებებში მოწმეთა პირადი მონაცემები მითითებული არ არის.
საქართველოს მთავარმა პროკურატურამ ახალაიასა და კალანდაძის წინააღმდეგ ახალი ეპიზოდის შესახებ გუშინ განაცხადა.