ევროკომისიის ოფიციალური ვებგვერდის ცნობით, ევროკომისიის პრეზიდენტმა, ჟოზე მანუელ ბაროზომ საქართველოს პრემიერ-მინისტრ, ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ საქართველო აღმოსავლეთის პარტნიორობის საკვანძო წევრია და ევროკავშირს მასთან მეტად დაახლოება სურს.
მისივე თქმით, ივანიშვილის არჩევანი, პირველი ოფიციალური საგარეო ვიზიტით ბრიუსელს სწვეოდა, იმის მანიშნებელია, რომ ევროკავშირთან მეტი ჩართულობის პოლიტიკის გაგრძელება საქართველოსაც სურს.
„მე და პრემიერ-მინისტრს მეტად ნაყოფიერი და ღია საუბარი გვქონდა. განვიხილეთ ჩვენი ახლანდელი კავშირები და დავგეგმეთ კიდევ უფრო მჭიდრო ჩართულობის გზები. ეს საზიარო მიზანია და ამ მიზანს საქართველო და ევროკავშირი ერთად მიაღწევენ“, - განაცხადა ბაროზომ.
ევროკომისიის პრეზიდენტმა 1-ელი ოქტომბრის არჩევნებზეც ისაუბრა. პრემიერისა და პრეზიდენტის წვლილს ხელისუფლების გადაბარების პროცესში იგი დადებითად აფასებს, თუმცა აღნიშნავს, რომ დემოკრატიისათვის მარტო არჩევნების ჩატარება არ არის საკმარისი და ამ მხრივ საქართველოში პრობლემები ჯერ კიდევ არსებობს.
„ჩვენ ყველამ ვიცით, რომ დემოკრატია მხოლოდ არჩევნების დღით არ შემოიფარგლება. დემოკრატიული პრინციპების და კანონის უზენაესობის ყოველდღიურობაში დაცვა აუცილებელი პირობაა დემოკრატიული სახელმწიფოსთვის. ამ კუთხით საჭიროა „შერჩევითი მართლმსაჯულების“ შემთხვევების თავიდან აცილება, რადგან ისინი ვნებენ ქვეყნის იმიჯს საზღვარგარეთ და ძირს უთხრიან კანონის უზენაესობას. მე ვესაუბრე ამის თაობაზე პრემიერ-მინისტრს, რომელმაც ამასთან დაკავშირებით კონკრეტული პასუხი გამცა“, - განაცხადა ბაროზომ.
ევროკომისიის პრეზიდენტი იმედოვნებს, რომ შეთანხმება 2013 წლის ლიტვის „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ სამიტისთვის უკვე მიღწეული იქნება.
ჟოზე მანუელ ბაროზო ამ საკითხებთან მიმართებაში პრემიერ-მინისტრის მზაობისა და მოტივირებულობის გამო, კმაყოფილებას გამოთქვამს.