სასამართლოში ბაჩო ახალაიასა და გიორგი კალანდაძის ახალ ბრალდებასთან დაკავშირებით, პროცესი მიმდინარეობს

სასამართლოში ბაჩო ახალაიასა და გიორგი კალანდაძის ახალ ბრალდებასთან დაკავშირებით, პროცესი მიმდინარეობს

თბილისის საქალაქო სასამართლოში ბაჩო ახალაიასა და გიორგი კალანდაძის ახალ ბრალდებასთან დაკავშირებით, პროცესი მიმდინარეობს, რომელსაც ბრალდებული გიორგი კალანდაძე ესწრება.

ბრალდებულების ადვოკატებს სასამართლო პროცესის დაწყებამდე ჟურნალისტებთან კომენტარები არ გაუკეთებიათ, ისევე, როგორც კალანდაძეს. ბაჩო ახალაიასა და გიორგი კალანდაძის წინააღმდეგ პროკურატურამ ახალი ეპიზოდი გამოაქვეყნა. სასამართლო პროცესი სწორედ აღნიშნულ ეპიზოდს ეძღვნება. მთავარი პროკურორის, არჩილ კბილაშვილის განცხადებით, საქმე ეხება ბაჩო ახალაიას თავდაცვის მინისტრობის პერიოდს.

„2010 წლის 16 თებერვალს გვარდიის დეპარტამენტის უზრუნველყოფის ასეულის 17-მა თანამშრომელმა, იმ საფუძვლით, რომ ისინი იყვნენ მძღოლები და მორიგეობდნენ წინა ღამით, უარი განაცხადეს ვარჯიშზე. 2010 წლის 18 თებერვალს, დაახლოებით ღამის 02-დან 03 საათამდე, ბაჩანა ახალაიას ბრძანებით, რომელიც მაშინ თავდაცვის მინისტრი იყო, მითითებული პირები მათი დასჯის მიზნით, თბილისიდან სენაკის მეორე ბრიგადის ტერიტორიაზე გადაიყვანეს. ადგილზე ჩასულ ჯარისკაცებს სხვა სამხედრო პირებთან ერთად, დახვდა ბაჩანა ახალაია და გიორგი კალანდაძე. ახალაიამ, კალანდაძემ და გამოძიებით დადგენილმა სხვა პირებმა, სენაკში ჩაყვანილ ახალგაზრდებს მათ ორ ოცმეთაურთან ერთად, მიაყენეს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა, რის შემდეგაც, ბაჩანა ახალაიას ბრძანებით ისინი გააშიშვლეს წელს ზემოთ და არბენინეს დაახლოებით ერთი საათი სიცივეში. ამის შემდეგ, ახალაიას ბრძანებით, სამხედრო მოსამსახურეები ჩაკეტეს ამავე ბრიგადის აბანოში, გამოურთეს გათბობა და ამგვარ მდგომარეობაში ამყოფეს ისინი სამი ღამისა და ორი დღის განმავლობაში. ამ ქმედებით ბაჩანა ახალაიამ ჯარისკაცებს უკანონოდ აღუკვეთა თავისუფლება. თავისუფლების აღკვეთის განმავლობაში, ჯარისკაცებს მინიმუმ 36 საათი არ ეძლეოდათ საკვები და ისინი თავისუფლების აღკვეთის მთელი დროის განმავლობაში გაუსაძლის სიცივეში იმყოფებოდნენ. აბანოში, სადაც ჯარისკაცები იყვნენ ჩაკეტილი, არ იყო ლეიბები, პლედები და სკამები, რის გამოც ჯარისკაცებს ეძინათ ცივ მეტლახზე" - განაცხადა კბილაშვილმა.

მისივე თქმით, ამ ქმედებით, ბაჩანა ახალაიამ ჩაიდინა სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაული, რაც არის თავისუფლების უკანონო აღკვეთა და ეს ითვალისწინებს სასჯელს 7-10 წლამდე. ასევე - 144-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაული, რაც გულისხმობს წამებას და ითვალისწინებს 9-15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას.

რაც შეეხება გიორგი კალანდაძეს, გენერალური პროკურორის განცხადებით, მან ჯარისკაცების ცემით ჩაიდინა სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაული, რაც უფლებამოსილების გადამეტებას გულისხმობს და 5-8 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.