საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერის, ზაქარია ქუცნაშვილის განცხადებით, ახალი ხელისუფლება ერთი ლარით უფრო მეტი საქმის გაკეთებას აპირებს, ვიდრე ეს აქამდე კეთდებოდა.
როგორც დღევანდელ რიგგარეშე სხდომაზე, 2013 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის განხილვისას, ქუცნაშვილმა განაცხადა, ბიუჯეტი ორიენტირებული იქნება - სოფლის მეურნეობის განვითარებაზე, განათლების ხელშეწყობაზე, ჯანდაცვის საკითხებსა და დევნილთა პრობლემების გადაწყვეტაზე.
„არავის უთქვამს, რომ ავტომაგისტრალის მშენებლობა შეჩერდება. უბრალოდ იქნება მეტი კონტროლი და თანხები ისე არ დაიხარჯება, რომ ვინმემ რაიმე მოიპაროს, როგორც ეს აქამდე ხდებოდა. ერთი ლარით უფრო მეტი საქმე უნდა გავაკეთოთ, ვიდრე ეს აქამდე კეთდებოდა“, - განაცხადა ქუცნაშვილმა.
ამასთან, ქუცნაშვილმა ე.წ. დაუბეგრავ მინიმუმზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ამ პრინციპით, პედაგოგთა 99 პროცენტს ხელფასი გაეზრდება.