საგარეო საქმეთა სამინისტრო ელჩების გაწვევასთან დაკავშირებით უშიშროების საბჭოს მდივანთან კონსულტაციებს აწარმოებს

საგარეო საქმეთა სამინისტრო ელჩების გაწვევასთან დაკავშირებით უშიშროების საბჭოს მდივანთან კონსულტაციებს აწარმოებს

საგარეო საქმეთა სამინისტრო რამდენიმე ელჩის გაწვევასთან დაკავშირებით უშიშროების საბჭოს მდივანთან გიგა ბოკერიასთან კონსულტაციებს აწარმოებს.

ამის შესახებ ჟურნალისტებს ბრიუსელში საგარეო საქმეთა მინისტრმა მაია ფანჯიკიძემ განუცხადა.

მან დაადასტურა, რომ საქართველოს ელჩი ევროკავშირთან სალომე სამადაშვილი პრემიერ-მინისტრის ბრიუსელში გამართულ შეხვედრებს მინისტრის მითითებით არ ესწრებოდა. რაც შეეხება საქართველოს ელჩს ნატო-სთან გეგა მგალობლიშვილს, ის პრაღაში იმყოფებოდა, თუმცა ხვალ მთავრობის წევრების ნატო-ს გენერალურ მდივანთან ანდერს ფოგ რასმუსენთან შეხვედრას დაესწრება.

„გაწვევა არ მომხდარა ჩემი მხრიდან, რადგან გაწვევა ჩემი მხრიდან არ ხდება. თქვენ ალბათ, გაინტერესებთ და მე ამას ყოველთვის ვამბობდი, რომ რამდენიმე ელჩის გაწვევის საკითხი და დადგება, მაგრამ არის პრეზიდენტის გადასაწყვეტი, თუმცა ჩვენთან შეთანხმებით. ჩვენ ამ თემაზე გვაქვს კონსულტაციები უშიშროების საბჭოს მდივანთან გიგა ბოკერიასთან და ეტაპობრივად, არა სასწრაფოდ, რამდენიმე ელჩს გავიწვევთ. ეს ჩვეულებრივი პროცესია, როცა ხელისუფლება იცვლება" - განაცხადა ფანჯიკიძემ.

ამასთან, მან არ დააკონკრეტა შეეხება თუ არა ეს სალომე სამადაშვილსა და გეგა მგალობლიშვილს.  მისი თქმით, თანამდებობებს დატოვებენ საქართველოს ელჩი აშშ-ში თემურ იაკობაშვილი და საქართველოს ელჩი გაერო-სთან კახა ლომაია, რადგან ამის შესახებ განცხადება თავად მათ გააკეთეს.