„პიკ ტვ

„პიკ ტვ" მთავრობისგან რუსულენოვანი არხის დაფინანსებას მოითხოვს

ტელეკომპანია „პიკ"-ის საინიციატივო ჯგუფი მთავრობას მოუწოდებს 2013 წლის ბიუჯეტში რუსულენოვანი, სატელიტური არხის მაუწყებლობისთვის აუცილებელი თანხა გაითვალისწინონ.

საინიციატივო ჯგუფის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ხაზგასმულია, რომ რუსულენოვანი მაუწყებლობა მნიშვნელოვანია საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები მოსახლეობისა და მთლიანად კავკასიის რეგიონის მცხოვრებლების მეტად ინფორმირებისთვის.

„მიმდინარე წლის 29 ოქტომბერს ტელეკომპანიის საინიციატივო ჯგუფმა საქართველოს "საზოგადოებრივი მაუწყებლის" სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარეს, საბჭოს რიგგარეშე სხდომის გამართვის მოთხოვნით, წერილობით მიმართა. ამავე წერილში „პიკ"-ის თანამშრომლები ვითხოვდით სხდომაზე ტელეკომპანიის გენერალური დირექტორისა და შპს „პიკ"-ის მენეჯმენტის წარმომადგენლების დასწრებას. ვფიქრობთ, რომ აუცილებელი იყო "საზოგადოებრივი მაუწყებლის" სამეთვალყურეო საბჭოს წევრებს მოესმინათ პასუხები შპს ტელეკომპანია "პიკ"-სა და მაუწყებელს შორის არსებულ გაურკვევლობასთან დაკავშირებით. მით უმეტეს, რომ ამ გაურკვევლობის შედეგად არხმა სრულფასოვანი მაუწყებლობა შეაჩერა და საქართველოს მოსახლეობის ის ნაწილი, ვინც სრულყოფილად არ ფლობს სახელმწიფო ენას, ინფორმაციის ალტერნატიული წყაროს გარეშე დარჩა. ამასთან, გაურკვეველი რჩება მიმდინარე წლის ბოლომდე „პიკ"-ის მაუწყებლობისთვის ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხის ბედი. ტელეკომპანია „პიკ"-ის საინიციატივო ჯგუფს დღემდე არ მიუღია პასუხი წერილთან დაკავშირებით და ამ დრომდე გაურკვეველი რჩება არხის სრულფასოვანი მაუწყებლობის აღდგენის საკითხი. მეტიც, მიმდინარე წლის 11 ნოემბერს გაიმართა „საზოგადოებრივი მაუწყებლის" სამეთვალყურეო საბჭოს სხდომა, სადაც გენერალური დირექტორის, ბ-ნ გიორგი ჭანტურიას ინიციატივის საფუძველზე მიღებულ იქნა გადაწყვეტილება მომავალი წლიდან მესამე არხის ფუნქციონირების შეჩერების თაობაზე. უკვე მიღებული გადაწყვეტილების ძირითად არგუმენტად გიორგი ჭანტურიამ მთავრობის მიერ პარლამენტში წარდგენილი ბიუჯეტის პროექტი დაასახელა, სადაც, მისივე თქმით, მესამე არხის ფუნქციონირებისთვის საჭირო თანხა გათვალისწინებული არ არის. ამასთან, ბ-ნი გიორგი ჭანტურია აცხადებს, რომ მესამე არხის ფუნქციონირების საკითხი მხოლოდ მაუწყებლის ხელმძღვანელობის კეთილ ნებაზეა დამოკიდებული. ყოველივე ზემოთქმულის გათვალისწინებით, საქართველოს მთავრობას თხოვნით მივმართავთ 2013 წლის ბიუჯეტში გათვალისწინებული იქნას რუსულენოვანი, სატელიტური არხის მაუწყებლობისთვის აუცილებელი თანხა" - ნათქვამია „პიკ"-ის საინიციატოვი ჯგუფის განცხადებაში.