უმცირესობა მიიჩნევს, რომ 2013 წლის ბიუჯეტში ახალი არაფერია

უმცირესობა მიიჩნევს, რომ 2013 წლის ბიუჯეტში ახალი არაფერია

საპარლამენტო უმცირესობის ერთ-ერთი ლიდერი, გოკა გაბაშვილი მიიჩნევს, რომ 2013 წლის ბიუჯეტის პროექტში 740 მლნ ლარიანი მუხლის გარდა, ახალი არაფერია.

როგორც დღევანდელ რიგგარეშე სხდომაზე, 2013 წლის ბიუჯეტის პროექტის განხილვისას, გაბაშვილმა განაცხადა, ბიუჯეტის პარამეტრები იგივეა, რაც წინა მთავრობის მიერ იყო წარდგენილი.

„თურმე, აღმოჩნდა, რომ ბიუჯეტი ისეთია, როგორსაც ჩვენ  ვამბობდით. თქვენ აღმოაჩინეთ, რომ თურმე  „ენგურჰესი“ არ გაყიდულა.  ამ ბიუჯეტის პროექტში  არაფერი არ არის ახალი, გარდა 740 მლნ ლარიანი მუხლისა.  მართალია, თქვენ საბიუჯეტო კბენები განახორციელეთ - გუბერნატორების, პრეზიდენტის ადმინისტრაციისა და ეროვნული უშიშროების საბჭოს დაფინანსების კუთხით, მაგრამ სხვა მხრივ,  მთავრობის ინიციატივები არ არის. მხოლოდ საუბარია იმაზე, თუ როგორი ცუდი იყო წინა მთავრობა. ფაქტია, რომ ჰესები აღარ აშენდება,  იმ შენობებს დაანგრევთ, რომელიც არ მოგწონთ და რეგიონალური განვითარების პროექტებს შეაჩერებთ. ბიუჯეტის პროექტში საუბარია ასევე იმაზე თუ რა არ გაკეთდება და არა იმაზე, თუ რა გაკეთდება“, - განაცხადა გაბაშვილმა.  

ბიუჯეტის განხილვაში უმცირესობის კიდევ ერთი წევრი აკაკი ბობოხიძეც ჩაერთო და განაცხადა, რომ ბიუჯეტის პროექტმა ქირურგიული ჩარევა განიცადა.

„ფინანსები ჩამოეჭრათ - პრეზიდენტის ადმინისტრაციას, უშიშროების საბჭოს ასევე გუბერნატორებს და ამ თანხით, 740 მლნ ლარიანი ფონდი შექმენით, რომლითაც დაპირებების შესრულებას აპირებთ?“, - მიმართა უმრავლესობას ბობოხიძემ.