საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა ევროპის პარლამენტის პრეზიდენტთან მარტინ შულცთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ საქართველოს მხრიდან რუსეთის მიმართულებით გადადგმული პირველ ნაბიჯზე ამ დრომდე პასუხის არარსებობა იმედგაცრუებას იწვევს.
„ჩვენ შულცთან განვიხილეთ, თუ როგორ შეიძლება დავალაგოთ ურთიერთობები ჩვენს დიდ მეზობელთან, რუსეთთან. როგორც მოგეხსენებათ, ეს არ არის ადვილი. მე გავაცანი ევროპის პარლამენტის პრეზიდენტს ამ კუთხით ჩვენს მიერ გადადგმული ნაბიჯი, ჩემი პირადი წარმომადგენლის დანიშვნის შესახებ და რუსეთის მხრიდან დღესდღეობით არ არის შესატყვისი ნაბიჯი გაკეთებული, რაც ნაწილობრივ იმედგაცრუებას იწვევს ჩვენში. ჩვენ ვიჩენთ მოთმინებას და ველით უფრო კონკრეტულ ნაბიჯებს რუსეთის მხრიდან და მომავალში ვეცდებით, ვიყოთ კონსტრუქციულები და დავალაგოთ ურთიერთობები ჩვენს დიდ მეზობელთან, რაც ევროკავშირის ინტერესებშიც შედის“,- განაცხადა ივანიშვილმა.
ცნობისთვის, 1 ნოემბერს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში მის სპეციალურ წარმომადგენლად ექსპერტი ზურაბ აბაშიძე დანიშნა.