ევროპის პარლამენტის პრეზიდენტის მარტინ შულცის განცხადებით, საქართველოს ახალი მთავრობის სურვილი რუსეთთან კონსტრუქციული ურთიერთობები იქონიოს, მისასალმებელია.
საქართველოს პრემიერ-მინისტრის აპარატის ინფორმაციით, ამის შესახებ შულცმა ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრისას განაცხადა.
მან ივანიშვილს არჩევნებში გამარჯვება მიულოცა და სტუმრობისთვის მადლობა გადაუხადა. შეხვედრაზე საუბარი შეეხო ქართულ-რუსული ურთიერთობების თემას.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ევროპის პარლამენტის პრეზიდენტს მიაწოდა ინფორმაცია რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში სპეციალური წარმომადგენლის დანიშვნის შესახებ, რასაც მარტინ შულცის მხრიდან დადებითი შეფასება მოჰყვა.
ქართულმა მხარემ აქვე მიუთითა, რომ რუსეთისგან შემხვედრ ნაბიჯებს ელოდება.
შეხვედრაზე საუბარი ასევე შეეხო სავიზო რეჟიმის გამარტივების პროცედურებს და აღინიშნა, რომ ვილნიუსის სამიტამდე ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერა უნდა მოხერხდეს.