შეიარაღებული ძალების ყოფილი სამხედრო მოსამსახურე, თორნიკე მელაშვილი გაერთიანებული შტაბის ყოფილი უფროსის, გიგი კალანდაძის მხრიდან განხორციელებულ ზეწოლაზე საუბრობს.
როგორც მან for.ge-ს პრეკლუბში დღეს, გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, გიგიკალანდაძის მხრიდან მის მიმართ პირად ანგარიშსწორებას ჰქონდა ადგილი.
თორნიკე მელაშვილის განმარტებით, ბიძამისს, რომელიც ძალოვნებში მსახურობდა გარკვეული უთანხმოება ჰქონდა იმ დროისათვის ბრიგადის მეთაურთან გიგი კალანდაძესთან.
„მან ბიძაჩემს უთხრა, შენს შვილს და ძმისშვილს არ გავახარებო. მართლაც, მისი შვილი კურსანტობის პერიოდში კალანდაძემ აკადემიიდან გარიცხა. მე კი იმ დღიდან მოყოლებული, მუდმივად მავიწროვებდა“ - განაცხადა მელაშვილმა.
მან ის ეპიზოდიც გახსენა, საიდანაც, როგორც მელაშვილმა აღნიშნა, მისი დევნა დაიწყო.
„2007 წელს ერაყში ვაპირებდი წასვლას და გამგზავრებამდე 10 დღე მქონდა დარჩენილი. როცა ჩემი ჯარისკაცები შევკრიბე, დამაბრალეს, რომ ვითომც მე „კრაზები“ „პლაცზე“ გადავატარე, რაც არ შეესაბამება სიმართლეს, რადგან სინამდვილეში, გამოვატარე „პლაცის“ გვერდზე. თუმცა ჭიშკართან კალანდაძის ბრძანებით გამაჩერეს. ამიყვანეს მასთან, რასაც დიდი უსიამოვნება და ფსიქოლოგიური ზეწოლა მოჰყვა. როცა გამოვედი კაბინეტიდან, გარეთ უკვე სამხედრო პოლიცია მელოდებოდა, რომელმაც ახსნა-განმარტება ჩამომართვა. თითქმის 1 თვე ვიარე სახმელეთოში, რომ დამემტკიცებინა ჩემი სიმართლე. მერე მიხვდნენ რომ მართალი ვიყავი და ვიღაცეებისგან გავიგე კიდეც, რომ შემდეგ თვითონ კალანდაძე მივიდა მაშინდელ თავდაცვის მინისტრთან კეზერაშვილთან და ჩემზე უთხრა, ეგ ოფიცერი უნდა გააგდოო, თუმცა მან არ გამაგდო“ - აღნიშნა თორნიკე მელაშვილმა.
მისი თქმით, ამის შემდეგ მოხდა შემთხვევა, რასაც მისი შეიარაღებული ძალებიდან გათავისუფლება მოჰყვა.
„უკვე 2011 წელს, ჩემს ჯარისკაცს მივყევი ბატალიონში, რომ ფორმა 100 და პირადობის დამადასტურებელი საბუთი წამოეღო, მაგრამ არ შეუშვეს და ამის მერე უკან წამოვედით. ოფიცრების ნაწილმა, კი რომელიც უკვე შეკრული იყო ბრიგადის მეთაურთან გიგი კალანდაძესთან, დამაბრალეს, რომ თითქოს მე ჯარისკაცები ვცემე. თითქოს, ვიღაცეები მივიყვანე ოფიცრების საცემად, მთვრალი ვიყავი და ნაწილში შევვარდი, თუმცა არანაირი ოქმი არ არსებობს ჩემს ნასვამობაზე და ეს არც სამხედრო პოლიციას დაუფიქსირებია. ამიყვანეს სახმელეთოში და სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მომაყენეს, რის გამოც ტვინის შერყევა მივიღე და ჰოსპიტალში მოვხვდი“- აღნიშნა თორნიკე მელაშვილმა.
მისივე თქმით, ეს ამბავი ასე არ დასრულებულა და სამანდატო კომისიამ მას ბრალდებები წაუყენა. ამასთან, მელაშვილის თქმით, სამანდატო კომისიას კალანდაძის „კლანის და საძმოს წევრი“, ვიცე-პოლკოვნიკი ხელმძღვანელობდა, რომელიც ამავდროულად, კალანდაძის თანაკურსელი და მეგობარი იყო.
„სამანდატო კომისიის დასკვნით, მე მთვრალი მივედი სამხედრო ნაწილში, ოფიცრებს მივაყენე შეურაცხყოფა, ვცემე, და არასაწესდებო საქციელი ჩავიდინე სამხედრო ნაწილის ტერიტორიაზე. თუმცა, მთელი სამხედრო ნაწილი, ვინც იმ ტერიტორიაზე მსახურობდა დაადასტურებს, რომ მსგავს ფაქტს ადგილი არ ჰქონია. კალანდაძის გავლენის გამო ბატალიონში გარიყულ მდგომარეობაში ნამდვილად ვიყავი. ეს ყველამ იცოდა და მე არც ვმალავდი, რომ მას ჩემთან პირადი ინტერესები ჰქონდა. მე საჩივარი დავწერე სამანდატო კომისიის გადაწყვეტილებაზე. ამის შემდეგ, 2011 წლის 24 ივლისს მომივიდა ბრძანება, შეიარაღებული ძალებიდან გათავისუფლების თაობაზე“ - აღნიშნა მან.
თორნიკე მელაშვილი 2008 წლის აგვისტოს ომის მონაწილეა, ომამდე კი ერედვში, ასეულის მეთაური იყო და სამშვიდობო მისიას ასრულებდა.
„რაც შეეხება ერაყს, იქ კალანდაძის დამსახურებით, ვერ წავედი.როცა კეზერაშვილმა არ გამაგდო, მოილაპარაკეს, რომ რაიმეთი დავესაჯე. მაშინ ერაყში წასვლა მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესებას ნიშნავდა. მე კი დავისაჯე“ - განაცხადა მელაშვილმა.