კულტურის და ძეგლთა დაცვის სამინისტროში საზოგადოებრივი საბჭო შეიქმნება

კულტურის და ძეგლთა დაცვის სამინისტროში საზოგადოებრივი საბჭო შეიქმნება

კულტურის და ძეგლთა დაცვის სამინისტროში საზოგადოებრივი საბჭოს შექმნა იგეგმება. კულტურის მინისტრის მოადგილის იური მეჩითოვის განცხადებით, ეს იქნება წარმომადგენლობითი ორგანო, რომელიც საზოგადოებისთვის ცნობილი და ანგარიშგასაწევი ადამიანებისგან დაკომპლექტდება, მასში სავარაუდოდ, 33 წევრი შევა.

მეჩითოვის განმარტებით, საბჭოს ექნება სათათბირო ფუნქცია, სწორედ მასთან შეთანხმებით გადაწყდება ესა თუ ის მნიშვნელოვანი საკითხი, მათ შორის თეატრისა და კინოს დაფინანსების საკითხები. 

ამასთან, კულტურის მინისტრის მოადგილის განცხადებით, ამა თუ იმ  თეატრის დაფინანსების საკითხი შესაძლოა, მის წარმატებასთან იყოს კავშირში.

„მაგალითად, ჩვენ ვაძლევთ ფულს თეატრს, მაგრამ თუ კი მისი ესა თუ ის სპექტაკლი კარგად იყიდება, შესაძლოა, მას უფრო მეტი თანხა გამოვუყოთ. ეს კავშირში იქნება გაყიდული ბილეთების რაოდენობასთან. ვფიქრობ, ეს თავად თეატრისთვისაც ერთგვარი სტიმული იქნება. ჯერჯერობით ზუსტი გეგმა არ გვაქვს, მაგრამ ამ თემაზე ვმუშაობთ"– აღნიშნა მან.

რაც შეეხება საკადრო ცვლილებებს, მეჩითოვის განმარტებით, უწყებაში რიგითი თანამშრომლების გათავისუფლება არ იგეგმება.

„შეიცვალა მინისტრის მოადგილეები, რომლებიც სტრატეგიას განსაზღვრავდნენ, სხვა მნიშვნელოვანი ცვლილებები არ იგეგმება. სამინისტროში ბევრი კვალიფიციური ადამიანი მუშაობს", - განაცხადა მეჩითოვმა.