საპარლამენტო უმრავლესობა საერთაშორისო თანამეგრობასთან აქტიურ მუშაობას აპირებს, რათა "ნაციონალურ მოძრაობას" ცრუ და "მომწამვლელი" ინფორმაციის გავრცელების საშუალება არ ჰქონდეს.
დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე, უმრავლესობის წევრებმა - ვიქტორ დოლიძემ და ირაკლი სესიაშვილმა საქართველოსთან დაკავშირებით, ნატოს ანსაბლეაზე მიღებული რეზოლუციის პროექტზე ისაუბრეს.
დოლიძის ინფორმაციით, რეზოლუციაში ერთის მხრივ, საუბარია იმაზე, რომ საქართველოსთვის მაპის მინიჭების საკითხი უნდა იყოს გათვალისწინებული, თუმცა, მეორეს მხრივ, დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ქვეყანაში პოლიტიკურ დაკავებებსა და საზოგადოებრივ მაუწყებელზე პოლიტიკურ ზეწოლას აქვს ადგილი.
"უმცირესობის წევრი გიორგი კანდელაკი ჯერ კიდევ დელეგაციის ხელმძღვანელია. მან ეს თანამდებობა გამოიყენა და ეს საკითხები რეზოლუციაში ამ ფორმულირებით მოხვდა. მისი ქმედება არასახელმწიფოებრივი და არაკომპეტეტურია . მან პოსტი ბოროტად გამოიყენა და ნატოს პარტნიორებს შთააგონა, რომ ეს აბზაცი რეზოლუციაში დაფიქსირებულიყო", - დასძინა დოლიძემ.
სესიაშვილის თქმით, უმრავლესობა მზად არის, საქართველოში არსებული ვითარების შესწავლის მიზნით, ნატოს დელეგაციას უმასპინძლოს და ლიდერები სიტუაციას ადგილზე გაეცნონ.
"რეზოლუციას არ მივტირით , რადგან ეს ტრაგიკული არ არის, მაგრამ პარტნიორები უნდა დავარწმუნოთ, რომ საქმე გარკვეულ გაურკვევლობასთან ჰქონდათ", - დასძინა სესიაშვილმა.
საქართველოს საპარლამენტო დელეგაციას ნატოში მომავალში ირაკლი სესიაშვილი უხელმძღვანელებს.