კავშირგაბმულობის ბატალიონის ერთ-ერთმა სამხედრო მოსამსახურემ თეა გოგინაშვილმა, დღეს For.ge-ს პრესკლუბში მეთაურების მიერ, ბატალიონის წევრებზე განხორციელებულ ქმედებებზე ისაუბრა.
გოგინაშვილის განცხადებით, სამხედრო წვრთნაზე მყოფ კავშირგაბმულობის ბატალიონს არაადამიანურ პირობებში ამყოფებდნენ და სასტიკად უსწორდებოდნენ.
„არანაირი პირობები არ არსებობდა, ფაქტიურად, 24 საათი ფეხზე ვიყავით. დაწოლისა და ძილისთვის 2 საათზე მეტი არ გვქონდა. ეს სამხედრო წვრთნა კი არა, ჯოჯოხეთი იყო. რკინის საწოლებზე ვიწექით, საწოლის ალაგებას და მოწყობაზე გასვლას ვერ ვასწრებდით. მუდმივად გვახოხიალებდნენდა ძირს ვეყარეთ. არ არსებობდა არანაირი დაბანის საშუალება. საკვები შეზღუდული რაოდენობით იყო, ხოლო წყალს ჩვენი ხელით გვაღვრევინებდნენ, რომ არ დაგველია. გვატარებდნენ ჭაობში, სადაც ფეკალური მასა იყო, თავზე კასკებს გვახურებდნენ და ხელით გვაწვებოდნენ. ვისაც ჭაობში ჩასვლა არ სურდა, მას ხელს ჰკრავდნენ ხოლმე. ორჯერ საჭმლით მოვიწამლეთ. ზოგი გადაჰყავდათ ლაზარეთში, ზოგი არა. გვეტყოდნენ, საჭმლის აღება და ჭამა სამ წუთში უნდა მოასწროთო, როცა დაღლილი, და ნავარჯიშები ხარ, რა თქმა უნდა, გშია. გოგონები გამწარებულები პურის ნაჭრებს, მაკარონებს და აშ. ჯიბეებში იყრიდნენ. საპირფარეშოშიც არ გვიშვებდნენ. მოწყობაოო დაგვიძახებდნენ და იძულებულები ვიყავით გამოვბრუნებულიყავით. ჭაობში ნატარები ფორმით, მთელი ღამე სიცივეში გვაყენებდნენ. ასეთ არაადამიანურ პირობებში გვიწევდა ყოფნა“, - განაცხადა გოგინაშვილმა და აღნიშნა, რომ ყოველივე ამის შემდეგ, გამოიძახეს სამსახურში და ბატალიონის გაუქმების შესახებ, გადაწყვეტილება ამცნეს.
გოგინაშვილის თქმით, კავშირგაბმულობის ბატალიონი 20 წელი არსებობდა.
„2010 წლის ზაფხულში დისლოკაციის ადგილი შევიცვალეთ და მე-4 ბრიგადის - ვაზიანის ტერიტორიაზე გადავედით. ბატალიონი ცალკე იყო, თუმცა მეოთხე ბრიგადას ვექვემდებარებოდით. ამ ბატალიონის გაუქმება მოხდა და ყველანი სახლებში გამოგვიშვეს“, - განაცხადა გოგინაშვილმა.