გიგი უგულავას კაბინეტის ენერგეტიკა

გიგი უგულავას კაბინეტის ენერგეტიკა

წილების გადაფორმება, ქონების გადანაწილება, ბიზნესზე კონტროლის დაწესება... ეს თემები მთელი ცხრა წლის განმავლობაში აღელვებდა საზოგადოებას, თუმცა, როგორც ჩანს, ასაღელვებელი უფრო მეტი იყო, ვიდრე ეს ერთი შეხედვით ჩანდა. უკვე მივეჩვიეთ, რომ სულ ახალ–ახალი ფაქტები გამოდის დღის სინათლეზე და რაც დრო გავა უფრო მეტს გავიგებთ. ჰიდროელექტროსადგურები, ენერგეტიკა, ტარიფები – პრობლემები ბევრია, მეტწილად – სამართლებრივი.

For.ge-ს ესაუბრება ენერგეტიკის აკადემიის წევრი, კომპანიების – „ჟინერისა“ და „ორთაჭალენერჯის“ ყოფილი მფლობელი და სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე თემურ ჭიჭინაძე.

ქალაქის მერს ქონების წართმევის გარიგებაში მონაწილეობაში ადანაშაულებთ. რას ეფუძნება თქვენი ბრალდება და რა მოხდა „ჟინერთან“ და „ორთაჭალენერჯისთან“ დაკავშირებით?

– თემა საკმაოდ აქტუალურია, მითუმეტეს – დღეს. დღევანდელი პოლიტიკური ცვლილებების შემდეგ ეს საკითხი დღის წესრიგში დადგა. მიდის სერიოზული ბრძოლა და იმედია, რომ სიმართლე გაიმარჯვებს.

დღეს ორთაჭალჰესს ფლობს კომპანია „ენერგო–პრო ჯორჯია,“ რომელიც 2006 წელს გამოჩნდა საქართველოში და საკმაოდ მალე მოახერხა საქართველოს ბაზრის 70 პროცენტის დაპატრონება. მან შეიძინა გაერთიანებული დისტრიბუცია და 6 ჰესი, დაახლოებით 300 მეგავატი სიმძლავრის. შემდეგ იყო დარჩენილი „ორთაჭალჰესი“, რომელიც  შედარებით დაბალი სიმძლავრისაა, მაგრამ იყო საკმაოდ მაღალ დონეზე გაკეთებული. ეს ჰესი  იყო დანგრეული და გამომუშავებას თითქმის არ იძლეოდა, 1994 წელს კი მოხდა ჩვენს მიერ  მისი იჯარით აღება,  რის შემდეგაც ის საპროექტო ნიშნულზე გავიყვანეთ, ანუ ავიდა თითქმის ევროსტანდარტების დონეზე.  პარალელურად ჟინვალჰესზე კომპიუტერიზაცია გაკეთდა, მასში ჩაიდო ინვესტიციები და ერთ წელიწადში ორივე ჰესი გავიდა საპროექტო ნიშნულზე, რომელიც მანამდე მიუღწეველი იყო. „ორთაჭალჰესი“ იყო ბოლო ჰესი, რომელიც არ იყო ხელისუფლების კონტროლის ქვეშ. აქედან გამომდინარე, მოინდომეს, რომ ესეც ხელში ჩაეგდოთ. შედეგად, გააკეთეს ისე, რომ მოკიდეს ხელი და... წაიღეს. 

რას ნიშნავს „წაიღეს? ჩვენ გაგონილი გვაქვს, რომ ვიღაცეებს იბარებდნენ  და ღამით ნოტარიუსებთან ხდებოდა გადაფორმებ... 

– ასე არ მოხდა, რადგან აქ იყო 25–წლიანი ლიზინგი. ამიტომ ჩაიდო ამდენი ინვესტიციები, რომლის ჯამმა დაახლოებით 5 მილიონი შეადგინა.

ანუ, ხელშეკრულება გაწყვიტეს? 

– დიახ, გაწყვიტეს, რომლის უფლებაც არ ჰქონდათ და, რაც მთავარია, აუქციონი ჩაატარეს იმ დროს, როდესაც სასამართლო დავა მიდიოდა. 

თქვენ უჩივლეთ? 

– როგორც კი აუქციონი გამოაცხადეს, ჩვენ იმ წუთში შევიტანეთ საჩივარი, რომ ეს არის დატვირთული  იჯარით, რომ ეს არის ლიზინგი. ასევე მივწერეთ მაშინდელ ეკონომიკის მინისტრ  ლაშა ჟვანიას, რომ არ შეიძლებოდა აუქციონის ჩატარება, მივწერეთ „ენერგო–პრო ჯორჯიას“, რომ არ მიეღო მონაწილეობა, რადგან ის იქნებოდა არაკეთილსინდისიერი შემძენი  და ეს აუქციონი მაინც გამართეს. შედეგად „ენერგო–პრო ჯორჯიამ“ 25 მილიონად იყიდა ეს ჰესი, რომლის საბაზრო ღირებულება შეადგენდა 12–14 მილიონს. წარმოიდგინეთ, „ორთაჭალჰესის“ 1 მეგავატში გადაიხადა  თითქმის 2 მილიონ დოლარი, როდესაც მანამდე რა ჰესებიც იყიდა, იმაში  ერთ მეგავატში გადახდილი ჰქონდა  200 000–დან 300 000–მდე, ანუ გამოდის, რომ რვაჯერ  მეტი  გადაიხადა შედარებით პატარა ჰესში.

25 მილიონი ნამდვილად გადაიხადეს? 

– 25 მილიონად მათ 122–მეგავატიანი ჰესი საქართველოში აქვთ ნაყიდი, ანუ იგივე თანხა აქვს გადახდილი გაცილებით დიდი სიმძლავრის ჰესში. არ ვიცი, შეიძლება ეს ფული აქვთ გადახდილი, მაგრამ თვითონ თანხაა არარეალური, რაც ბადებს ეჭვს, რომ აქ იყო თანხის არასწორი მოძრაობა. 

მთელ პროცედურას თუ გავყვებით, ფაქტობრივად ყველა ეტაპზე, რაზეც თქვენ საუბრობთ, ყველგან არის გარკვეული ეჭვები. 

– თავისთავად, არ შეიძლება, რომ იმაში, რაც  1 ლარი ღირს, 10 ლარი გადაიხადო და არც ერთი ჭკუათმყოფელი და მითუმეტეს „ენერგო–პრო ჯორჯია“, რომელიც არის მონსტრი, მონოპოლისტი და რომელიც ყველაფერს ყლაპავს წესიერად თუ არაწესიერად, სხვა ჰესის  1 მეგავატში იხდიდეს  300 000 დოლარს, „ორთაჭალჰესში“ კი  2 მილიონი დოლარს (1 მეგავატში). 

ხომ არ იყო ისეთი სქემა, რომ მათ  რეალურად ინვესტიცია კი არ განახორციელეს, არამედ ბიზნესიდან, ისევ ჩვენი, მოსახლეობიდან ამოღებული თანხებით დააფინანსებინეს ეს 25 მილიონი? 

– „ენერგო–პრო ჯორჯია“, როდესაც შემოვიდა, გეთანხმებით რომ ეს სქემა ნამდვილად ასე მუშაობდა. მაშინვე მათ იმხელა ტარიფი მისცეს, მითუმეტეს იმ პირობებში, რომ არავითარი ინვესტიცია არ ჰქონდა განხორციელებული. ეს ტარიფი აძლევდა საშუალებას, რომ გადაეხადა ის თანხა რაც გადაიხადა. ისედაც მიზერულ თანხაზე იყო საუბარი. წარმოიდგინეთ, 132 მილიონი დოლარი გადაიხადა მთელი საქართველოს დისტრიბუციაში და 320 მეგავატ ჰესში.  

მახსოვს, რომ „ენერგო–პრო ჯორჯიის“ პირველ ტენდერში 320 მილიონზე და დიდ ვალდებულებებზე იყო საუბარი. 

– 340 მილიონი იყო პირველი ვარიანტი. უცებ  ზურაბ ნოღაიდელმა (რომელიც მაშინ პრემიერ–მინისტრი იყო) განაცხადა, რომ ჩვენ უნდა მივცეთ იაფად იმისათვის, რომ არ აწეულიყო ტარიფი. ამ დროს, როდესაც მათ იყიდეს, ტარიფი  6.7 თეთრი ჰქონდა გაერთიანებულ სადისტრიბუციო კომპანიას, ხოლო უკვე 2007 წლის დეკემბერში ტარიფმა 16 თეთრი შეადგინა, ანუ თითქმის 10 თეთრით გაზარდეს ისე, რომ ინვესტიცია არ განუხორციელებიათ. 

„ორთაჭალენერჯიშიც“ იგივე სქემა იქნება გამოყენებული?

– დღემდე არ გაფორმებულა არც მიღება–ჩაბარება, ჩვენს შენობაში სხედან დღემდე, ჩვენს ტექნიკას ექსპლოატაციას უწვენ, შემოსავლებს ღებულობენ და ჩვენთან არ აქვთ მიღება–ჩაბარების აქტი. ამას პლიუს ჩვენ ვიხდით ქონების გადასახადს.

სადამდეა მისული ეს საქმე, ცნობილია, რომ უჩივლეთ. შემდეგ რა მოხდა? 

– ყველა პროცესი თავისთავად სასამართლოში  წავაგეთ. ჩვენ შევიტანეთ სტრასბურგში საჩივარი, რომელიც მიღების სტადიაშია, მაგრამ ამას დრო დასჭირდება. თუმცა მე მოხარული ვიქნები, რომ აქაურმა სასამართლომ განიხილოს და მიიღოს ობიექტური გადაწყვეტილება. 

კონკრეტულად ვის უჩიოდით? 

–  ჩვენ ვუჩიოდით კერძო კომპანიას, რომელსაც გვერდით სახელმწიფო ედგა. 

ბატონი ივანიშვილი გამოვიდა ინიციატივით, რომ თუ მოხდა ქონების ძალადობრივი ჩამორთმევა, ამის გადაწყვეტა მოხდეს მოლაპარაკების გზით. ხომ არ გქონიათ სახელმწიფოსთან ან „ენერგო–პრო ჯორჯიასთან“ ასეთი ტიპის საუბრები და რა არის მათი პოზიცია? 

– ჩვენ მანამდეც ბევრჯერ მივმართეთ მათ, ვეუბნებოდით რომ ხართ უკანონო, არაკეთილსინდისეირი შემძენები, ელემენტარულია ან იჯარის თანხა გადამიხადე ან რამე, პასუხი საერთოდ არ იციან. სრული იგნორირებაა. როგორც გითხარით, ერთი საჩივარი სტრასბურგშია, ერთი კი აქ იხილება, 15 ნოემბერს არის ჩანიშნული სასამართლო, რომელიც მთელი წელია იწელება.

„ორთაჭალენერჯი“ არ არის ერთადერთი, რომელსაც თქვენ მყისიერად ჩამოგაცილეს. კიდევ იყო „ჟინვალჰესის“ საკითხი. რა მოხდა „ჟინვალჰესზე? 

– კიდევ ერთხელ ვამბობ, ძალიან დიდი აქცენტი იყო ენერეგეტიკაზე გაკეთებული. მითუმეტეს, რომ ამ ორ ჰესში ჩაიდო ჩვენი პირადი ინვესტიცია და ორივე ჰესი, განსაკუთრებით „ჟინვალჰესი“ უმაღლეს დონეზე გაკეთდა. ბოლოს იყო ისეთი მომენტი, რომ 2004 წელს შვეიცარიაში დაგვაჯილდოვეს ბრილიანტის ვარსკვლავით ჩატარებული სამუშაოების გამო. ამის შემდეგ მე ვხდები მიხეილ სააკაშვილს (მაშინ საკრებულოს წევრი ვიყავი), გადავეცი ჩვენი ჯილდო, დავპატიჟე ჟინვალის 20 წლისთავზე, მან ეს მომილოცა. ამ ფაქტის შემდეგ 3 დღეში გიგი უგულავამ დირექტორი ჩაჩხიანი დაიბარა თავის კაბინეტში, თუმცა ამ საკითხს ცოტა შემდეგ განვაგრძობ. მანამდე გეტყვით, რომ მანამდე იყო რიგი პროცესები, როდესაც  წაგვართვეს ძალისმიერი მეთოდებით, ეკონომიკის სამინისტროზე   51 პროცენტი გადაგვაფორმებინეს. მოვიდნენ ჩვენთან ოფისში, მოვიდა ფინანსური პოლიციის წარმომადგენელი ვინმე კვერნაძე, მოიყვანეს ვინმე გვარამია ეკონომიკის სამინისტროს თანამშრომელი და  ნოტარიუსი და ეს 51 პროცენტი სწორედ ამ გვარამიაზე გადაფორმდა. ეს მოხდა 2005 წლის 13 იანვარს. 

სანამ ეს მოხდებოდა, ვინ გესაუბრებოდათ იმაზე, რომ უნდა დაგეთმოთ ქონება? 

– მე და გენერალური დირექტორი ჩაჩხიანი მიგვიყვანეს ფინანსურ პოლიციაში, ეს იყო დავით კეზერაშვილის პერიოდი. ანუ აქედან დაიწყეს მათ ქონების ჩამორთმევების კასკადი, ასე ვთქვათ ჩვენ პირველები ვიყავით. საინტერესო რა არის იცით? ბრალი გვედებოდა იმაში, რომ სახელმწიფო ბიუჯეტში გვქონდა მეტი ჩარიცხვა და ვითომ ამით ვაზარალეთ საზოგადოება. 

ხანდაზმულობის ვადა ხომ არ იქნება გასული? 

– ხანდაზმულობაზე ძალიან ხშირად აკეთებენ აპელირებას, მაგრამ ჩვენ ახლა შეგვაქვს პროკურატურაში განცხადება. მეორე მთავარი საკითხი არის გიგი უგულავას ფაქტორი. ხომ წაიღეს 51 პროცენტი, ჩვენ ეს გავასაჩივრეთ. ამის  შემდეგ დირექტორ ჩაჩხიანს იბარებს გიგი უგულავა და თავის კაბინეტში  ალაფიშვილთან ერთად  უმზადებენ ტექსტს, რომლითაც ათქმევინეს უარი რომ ამას აღარ გაასაჩივრებდა. ამით იჯარა ირღვეოდა. თვითონ უგულავას კაბინეტში მოხდა ეს ფაქტი.

ამის დადასტურება თქვენ შეგიძლიათ? 

– რად უნდა დადასტურება, ფაქტია ეს, ცოცხალია ის კაცი.

დარჩენილ 49 პროცენტს რა ბედი ეწია? 

– „ჟინერზე“ ბოლომდე იყო დარჩენილი 49 პროცენტი. 51 პროცენტი იყო მაგათი და მეტი აღარ აინტერესებდათ. გიგი უგულავას რომ დავუბრუნდეთ, მიმაჩნია, რომ მისი მხრიდან იყო თანამდებობის ბოროტად გამოყენება. რა უფლება აქვს ქალაქის მერს, როდესაც იძახებს რომელიღაც საწარმოს დირექტორს და აწერინებს განცხადებას? ამის შემდეგ ტარდება სამეთვალყურეო საბჭოს სხდომა, სადაც მე თავმჯდომარე ვიყავი, და გააქვთ ეს კომპანია, რომელსაც ჯამში 10–12 მილიონის აქტივი ჰქონდა.  

რამდენიმე ტიპის სარჩელი შევა? ერთი უგულავას წინააღმდეგ და ასე შემდეგ? 

– ყველა ერთად იქნება და მერე გაუკეთოს პროკურატურამ კვალიფიკაცია. 

როგორც ვიცი, 1999 წელს „ჟინვალჰესით“ დაინტერესდა ყოფილი პრემიერ–მინისტრი, ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრი ვანო მერაბიშვილი. რა პოსტი ეკავა მას მაშინ და რა იყო დაინტერესების მიზეზი? 

– მაშინ იყო კომიტეტის თავმჯდომარე პარლამენტში, დაინტერესება იყო ის, რომ როგორც კი რაიმე კარგი გაკეთდებოდა, ის უნდოდათ რომ თავიანთი ყოფილიყო. ეს ჰესი მე ზურაბ ჟვანიასაც ვაჩვენე, დავპატიჟე, დავათვალიერებინე. სწორედ ამის შემდეგ იწყება ეს მოძრაობები ჩვენს წინააღმდეგ. იყო ისიც, რომ შემოვიდა რაღაც არაბული კომპანია, ვითომ ინვესტიციების ჩასადებად, მაგრამ რეალური არაფერი.  მერე მერიას უჩიოდნენ 26 მილიონ დოლარზე და ასე შემდეგ. 

ეს დავა სახელმწიფომ მოიგო...

– დიახ, მოიგეს, და ეს მოხდა ჩვენი დამსახურებით, რადგან ჩვენ გქვონდა ისეთი დოკუმენტები, რომლებსაც არაბები არ ელოდნენ. საინტერესოა ასევე ის, რომ 1999 წელს ვანო მერაბიშვილს მივწერე წერილი, სადაც ვთხოვდი, რომ ასეთი მოძრაობები არ იყო საჭირო და თქვენ წარმოიდგინეთ, რომ ამის შემდეგ 2005 წლამდე ასეთი პროცესები შეჩერდა. მერე, როცა ესენი ხელისუფლებაში მოვიდნენ, როგორც ჩანს, ვეღარ აიტანეს, რომ კომპანია ამდენ ხანს სხვის ხელში იყო. ცნობისთვის: იჯარა 2019 წლამდე იყო. 
როდესაც ასეთი უკანონობები ხდებოდა, ვგულისმობ, მაგალითად, მერის კაბნეტში დაბარებებს და ასე შემდეგ, მარეგულირებელი კომისია რა როლს თამაშობდა აქ და, საერთოდ, თუ ეს ორგანზიაცია მონიტორინგს არ ახორციელებს, რაში ვაძლევთ მას ჩვენ ფულს? 

– მარეგულირებელს თანხას უხდიან ლიცენზიატები და მინდა გითხრათ, რომ ეს ძალიან გაბერილი თანხებია. მე ორთაჭალის მაგალითს მოგიყვანთ, საჩივარი შევიტანეთ 28 იანვარს,რომლის შედეგადაც საჩივარზე ჩვენ ჩამოგვართვეს ლიცენზია, გადასცეს „ენერგო –პრო ჯორჯიას“ და ამას მისცეს 8 იანვრის ძალა. 

თქვენს სარჩელში მოხსენიებულნი იქნებიან თუ არა სემეკის წევრები, რომლებმაც ფაქტობრივად გააყალბეს დოკუმენტები? 

– ეს საქმე სტრასბურგშია. მინდა გითხრათ, რომ ამ საქმეებში ჩარეული იყო ძალოვანი სტრუქტურები. სემეკი დამოუკიდებელ გადაწყვეტილებას ვერ ღებულობდა, სულ ტელეფონზე იყვნენ ჩამოკიდებულები.