ფინანსთა სამინისტრო ეროვნული უშიშროების საბჭოსგან ინფორმაციას მოითხოვს - თუ რაში დაიხარჯა 2012 წლის ბიუჯეტიდან უწყებისთვის გამოყოფილი 22 მლნ ლარი.
ამის შესახებ დღევანდელ რიგგარეშე სხდომაზე, მინისტრმა, ნოდარ ხადურმა განაცხადა.
მისი თქმით, 2013 წლის ბიუჯეტის პროექტით, საბჭოს დაფინანსება უმცირდება, მაგრამ უწყების მიერ თუ იქნება დასაბუთება თანხების მიზნობრიობაზე, შესაძლოა მათი დაფინანსების საკითხი გადაიხედოს.
„საბჭოსგან ინფორმაციას მოვითხოვეთ თუ რაში დაიხარჯა - 22 მლნ ლარი, მაგრამ პასუხი ვერ მივიღეთ. იმის საშუალება არ გვაქვს, რომ ფული უკონტროლოდ ვხარჯოთ“, - დასძინა ხადურმა.
ამასთან, ხადური დედაქალაქის მერიისა და ახალ მთავრობას შორის არსებულ დავას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ სჯობს, მერიამ სოციალური დახმარებებისთვის ის რესურსი გამოიყენოს, რომელიც მას 7 მლნ ლარის სახით, გუდაურის კომპლექსის განვითარებისთვის აქვს გამოყოფილი.
გარდა ამ საკითხებისა, ხადურმა უფასო განათლების პროგრამაზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ მომავალ წელს, სახელმწიფო გრანტების მოცულობა გაორმაგდება.