არასამთავრობო ორგანიზაციამ „სამართალი და თავისუფლება“ სამხედრო მოსამსახურეთა მიმართ, განხორციელებული სამართალდარღვევების შესახებ, დღეს For.ge-ის პრესკლუბში ბრიფინგი გამართა.
კონკრეტულად, მათ 2009-2012 წლებში შეიარაღებული ძალებიდან სამხედრო მოსამსახურეების მასიურ განთავისუფლებაზე, ფიზიკური ნორმატივების ჩაბარების პროცესში სამხედროების ღირსების შელახვისა და დამცირების ფაქტებსა და სამხედროების მიმართ, განხორციელებული ფსიქოლოგიურ და ფიზიკურ ძალადობაზე ისაუბრეს.
არასამთავრობო ორგანიზაციის დირექტორის, ნინო თურმანიძის განცხადებით, მათი ორგანიზაცია 13 წლის განმავლობაში სამხედრო მოსამსახურეებს ემსახურება, იცავს მათ უფლებებსა და უსაფრთხოების სექტორში არსებულ სხვადასხვა სახის პრობლემებზე მუშაობს.
თურმანიძის თქმით, ამ ხნის განმავლობაში, სხვადასხვა დარღვევებთან დაკავშირებით, მათ ძალიან ბევრმა სამხედრო მოსამსახურემ მიმართა, თუმცა აღნიშნა, რომ 2012 წლის 1 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ, მომმართველთა რიცხვმა გაცილებით იმატა.
„ისინი საქართველოს შეიარაღებულ ძალებში სხვადასხვა სახის დარღვევებზე საუბრობენ. ძირითადად საუბარია სხვადასხვა სახის სამართალ დარღვევებზე, რომელიც სამხედრო მოსამსახურეების წინააღმდეგ იყო მიმართული. შეიარაღებული ძალებიდან სამხედრო მოსამსახურეების მასიური დათხოვნა ხდებოდა და ამან გაცილებით 2010- 2012 წლებში იმატა. სამხედროების გათავისუფლების მიზეზი სხვადასხვა იყო. სამხედროების განცხადებით, მასიურად ითხოვდნენ ჯარიდან, თუ მათ ახლობლები ან ნათესავები მუშაობდნენ ან ცხოვრობდნენ რუსეთის ფერედაციაში, ასევე არსებობდა ე.წ. შავი სიები, სადაც ხვდებოდნენ ის სამხედროები, რომელიც წინა მინისტრის პერიოდში იყვნენ დანიშნულნი. სამსახურიდან ათავისუფლებდნენ ადამიანებს, რომლებსაც პენსიამდე რამდენიმე თვე ჰქონდათ დარჩენილი და იმისათვის, რომ მათთვის პენსია არ დაენიშნათ, ატოვებინებდნენ სამსახურს. იყო დათხოვნები პირადი დამოკიდებულებისა და პირადი კონფლიქტების საფუძველზე, რაც მეთაურების მიერ, სამხედრო მოსამსახურეების მიმართ ხდებოდა. სამხედრო მოსამსახურეებს მუქარის ფონზე აწერინებდნენ პატაკს და მათზე ფსიქიკური და ფსიქოლოგიური ზეწოლა ხდებოდა. ჩვენ დაახლოებით 500-მდე სამხედრო მოსამსახურემ მოგვმართა და გვინდა, ეს ფაქტები საზოგადოებისთვის ცნობილი იყოს“, - განაცხადა თურმანიძემ.
რაც შეეხება, თავისუფლების ინსტიტუტის წარმომადგენლის თეა თუთბერიძის განცხადებას, რომ „ჯარისკაცები მასობრივად მიჰყავთ ორგანიზაციაში „სამართალი და თავისუფლება“ და იქ სასურველი ჩვენების მისაღებად ზეწოლა ხდება“, თურმანიძე თუთბერიძეს მოუწოდებს მსგავსი ტიპის განცხადებების გაკეთებისგან თავი შეიკავოს, რადგან მისი თქმით, თუთბერიძის ნათქვამი ყოველგვარ საფუძველს მოკლებულია.
„სამხედრო მოსამსახურეები ჩვენს გვერდით იმყოფებიან და შეგიძლიათ მათ ჰკითხოთ, თუ როგორ მოვიდნენ ჩვენთან. კიდევ ერთხელ ვაცხადებ, რომ ჩვენ 13 წელია მათ უფლებებს ვიცავთ და ჩვენი ორგანიზაცია მათ ემსახურება“, - განაცხადა თურმანიძემ.
დღეს, For.ge-ის პრესკლუბში ის სამხედრო მოსამსახურეებიც იმყოფებოდნენ, რომლებმაც მეთაურებისგან სხვადასხვა სახის წნეხი გადაიტანეს და თავიანთი თავის შესახებ, თვითონ საუბრობდნენ.