ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეა შეშფოთებას გამოხატავს საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის ინსტიტუციებზე, კერძოდ საზოგადოებრივ მაუწყებელზე ზეწოლასთან დაკავშირებით გავრცელებული ხმების გამო და მოუწოდებს საქართველოს ახალ მთავრობას, თავი შეიკავოს პოლიტიკურად მოტივირებული დაპატიმრებებისგან - ამის შესახებ ნათქვამია ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციაში, რომელიც პრაღაში გამართულ 58-ე სესიაზე მიიღეს და „დემოკრატიის მომავალი აღმოსავლეთის პარტნიორობაში" ჰქვია.
რეზოლუციაში საქართველოში ბოლო ხანებში მიმდინარე მოვლენებს განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო, მე-3 პუნქტში კი ხაზგასმულია საქართველოს მნიშვნელოვანი წვლილი ნატო-ს ოპერაციებში.
რაც შეეხება საქართველოში ჩატარებული არჩევნების შეფასებას, რეზოლუციაში ნათქვამია, რომ ასამბლეა „ხოტბას ასხამს დემოკრატიულ არჩევნებსა და ძალაუფლების მშვიდობიანად გადაცემის პირველ პრეცედენტს საქართველოში".
საპარლამენტო ასამბლეა ასევე მოუწოდებს საქართველოს ახალ მთავრობას და პარლამენტს, განაგრძონ რეფორმების პროგრამა და უზრუნველყონ ეფექტური თანაცხოვრება პრეზიდენტთან 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნებამდე.
„ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეა შეშფოთებას გამოხატავს საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის ინსტიტუციებზე, კერძოდ საზოგადოებრივ მაუწყებელზე ზეწოლასთან დაკავშირებით გავრცელებული ხმების გამო და მოუწოდებს საქართველოს ახალ მთავრობას, თავი შეიკავოს პოლიტიკურად მოტივირებული დაპატიმრებებისგან. ასამბლეა მოუწოდებს ნატო-ს წევრი ქვეყნების მთავრობებს, შესაძლებლობა მისცენ საქართველოს, ბუქარესტისა და ჩიკაგოს სამიტებზე მიღებული გადაწყვეტილებებისა და ქვეყნის დემოკრატიული პროგრესის გათვალისწინებით, გადადგას შემდეგი ნაბიჯი ნატო-სკენ ინტეგრაციის გზაზე და განიხილონ საქართველოსთვის გაწევრიანების სამოქმედო გეგმის (МAP) მინიჭების საკითხი, რაც უზრუნველყოფს უფრო კონკრეტულ წვდომას ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ და ინსტიტუციურ რეფორმებში" - აღნიშნულია რეზოლუციაში.