რიჩარდ ნორლანდი: ჩვენთვის მნიშვნელოვანია, როდესაც ვინმეს აპატიმრებენ, პროცესი სამართლიანად წარიმართოს

რიჩარდ ნორლანდი: ჩვენთვის მნიშვნელოვანია, როდესაც ვინმეს აპატიმრებენ, პროცესი სამართლიანად წარიმართოს

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, როდესაც ვინმეს აპატიმრებენ, პროცესი სათანადოდ და სამართლიანად წარიმართოს - ამის შესახებ აშშ-ის ელჩმა, საქართველოში რიჩარდ ნორლანდმა ჟურნალისტებს სოფლის მეურნეობის სამინისტროში სტუმრობისას განუცხადა.

მისი თქმით, არჩევნების დასრულების მიუხედავად, მიიჩნევს, რომ პოლიტიკური ტრანზიციის პროცესი, ასევე საარჩევნო კამპანია და მისთვის დამახასიათებელი რიტორიკა ჯერ კიდევ გრძელდება.

„რასაკვირველია, როდესაც ვინმეს აპატიმრებენ, ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია, პროცესი სათანადოდ და სამართლიანად წარიმართოს. ჩვენ ამას გულდასმით ვაკვირდებით. საკითხი, ვინ დგას საქართველოს შეირაღებული ძალების სათავეში, თავისთავად აინტერესებს ნატო-ს და მნიშვნელოვანია, რომ მთავრობა და პრეზიდენტი, რომელსაც ამ საკითხში გარკვეული როლი აკისრია, შეთანხმდნენ და იპოვონ კვალიფიციური კანდიდატი, რომელიც სამუშაოსა და დაკისრებულ მოვალეობებს სათანადოდ გაართმევს თავს. ჩვენ კონსულტაციებს ვმართავთ მთავრობასთან ამ საკითხებთან დაკავშირებით და გვჯერა, რომ შეთანხმების მიღწევა შესაძლებელია. ვფიქრობ, მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ ამ ყველაფრის გამო ვინმემ პოლიტიკური ქულები არ უნდა დაიწეროს. მნიშვნელოვანია ახლა იმის უზრუნველყოფა, რომ მთავრობამ შეძლოს საკუთარი საქმიანობის გაგრძელება, იქნება ეს ბიუჯეტის განხილვა, სამინისტროების საქმიანობა თუ ქვეყნის ზოგადი წინსვლის ხელშეწყობა საქართველოს მოქალაქეების იმ მოთხოვნების გათვალისწინებით, რომელიც 1-ელი ოქტომბრის არჩევნებზე გამოვლინდა“ - აღნიშნა რიჩარდ ნორლანდმა.