რუსეთის შინაგან საქმეთა მინისტრის ვლადიმერ კოლოკოლცოვის განცხადებით, პატარა საქართველოს მიერ ჩატარებული პოლიციის რეფორმების მაგალითი, დიდი რუსეთისთვის არ გამოდგება.
„ მე ველოდებოდი შეკითხვას „ქართული ოცნების“ შესახებ. პასუხად კი შემიძლია გითხრათ, რომ ფრთხილად უნდა ვიყოთ „ოცნებებთან“. თქვენი შეკითხვის საპასუხოდ შემიძლია განგიცხადოთ,რომ 2010 წელს საქართველოში ამ რეფორმების შედეგად, პოლიციის შემადგენლობის 85%-ი შეიცვალა. არ შეიძლება პატარა საქართველოს დიდ რუსეთთან შედარება. თავიანთ კონკრეტულ სოციალურ-ეკონომიკურ სიტუაციაში მათ შეძლეს მაქსიმალურად მოკლე დროში შეეკრიბათ ახალი ადამიანები, რუსეთის უზარმაზარი ტერიტორიიდან გამომდინარე კი, ეს შეუძლებელია“,-განაცხადა შსს მინისტრმა გაზეთ „მოსკოვსკი კომსომოლეცთან“ ინტერვიუში.
კოლოკოლცოვის განმარტებით, სამართალდამცავების მთელი შემადგენლობისთვის უნდობლობის გამოცხადება, ეს არა მარტო ამორალურია, არამედ სასიკვდილოდ საშიშიცაა.
„ასეთი ნაბიჯის შედეგი ყველაზე საშინელ სიზმარშიც კი არ დაგვესიზმრება. როგორც კი პროფესიონალი კადრების წასვლას იგრძნობს კრიმინალი, ის მაშინვე თავს წამოყოფს. ჩვენ უნდა ვიმუშაოთ პოლიციის იმ კადრებთან, რომლებიც გვყავს. ზოგიერთს რამდენიც არ უნდა გადაუხადო, ის ქრთამს მაინც აიღებს. ბოროტების საფუძველი დაუსჯელობაშია. სწორედ ამას უნდა ვებრძოლოთ“,-აცხადებს ვლადიმერ კოლოკოლცოვი.