პოლონეთში ქართველი და სომეხი ემიგრანტები შიმშილობენ

პოლონეთში ქართველი და სომეხი ემიგრანტები შიმშილობენ

სომხური პრესის ინფორმაციით, პოლონეთში შიმშილობის აქცია დაიწყეს ქართველმა და სომეხმა ემიგრანტებმა , რომლებიც დევნილის სტატუსს ბელოსტოკის ბანაკებში ელოდებიან. თავიდან შიმშილობა 70 -მდე ემიგრანტმა დაიწყო, ამჟამად კი მათი რაოდენობა 30 -ს შეადგენს.

ემიგრანტები პირველ რიგში დახურულ ბანაკებში ყოფნას აპროტესტებენ, სადაც პირობები ემიგრანტების აზრით, ციხის პირობებთან მიახლოებულია.

"ისინი ვერ იგებენ რატომ ზიან, როგორც ციხეში, რატომაა ასეთი მკაცრი დისციპლინა. მათ ხომ დანაშაული არ ჩაუდენიათ. მათ ძირითად პრობლემას წარმოადგენს ის, რომ ისინი პოლონეთში საბუთების გარეშე არიან", -აცხადებს "გაერთიანებული იურიდიული ინტერვენციის" წარმომადგენელი ალექსანდრა ხშანოვსკა .

როგორც არასამთავრობო ორგანიზაციები აცხადებენ, ბოლო 20 წლის განმავლობაში ემიგრანტების რაოდენობა პოლონეთში დაახლოებით 10 -ჯერ გაიზარდა.