დღეს, ახალი მთავრობის პირველი სამუშაო სხდომა იმართება. მინისტრები მთავრობის კანცელარიაში იმყოფებიან. სხდომას პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი უხელმძღვანელებს. მთავრობის დღევანდელ სხდომაზე რამდენიმე საკითხი იქნება ინიცირებული.
ფინანსთა მინისტრის ნოდარ ხადურის განცხადებით, მთავრობის წევრების დღევანდელი სამუშაო შეხვედრის მიზანი, მინისტრთა კაბინეტის სხდომის მომზადებაა.
„ვიკრიბებით, რათა მთავრობის სხდომისთვის რამდენიმე საკითხი მოვამზადოთ. მათ შორის, თავისთავად ცხადია, ეს 2013 წლის ბიუჯეტს შეეხება. ჩემს კოლეგებთან ერთად, მინდა ჩამოვყალიბდეთ მათი უწყებების დაფინანსებაზე და ამავე დროს, არის ორგანიზაციული საკითხები, მათ შორის, საკადრო საკითხები. უკვე დროა, ფინანსთა სამინისტროში მინისტრის მოადგილეები დაინიშნოს. ასე რომ, ამ საკითხებზე დღეს და ხვალ პრემიერთან და ჩვენს კოლეგებთან გვექნება საუბარი“, - განაცხადა ხადურმა.
სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა მინისტრის ლევან ყიფიანის განცხადებით, ეს მთავრობის სხდომისთვის მოსამზადებელი შეხვედრა იქნება.
მისი თქმით, წლის ბოლოა და შესაბამისად, საუბარი შეეხება იმაზე, რომ ნორმალურად ჩატარდეს სპორტული ღონისძიებები.
ჯანდაცვის მინისტრის დავით სერგეენკოს განცხადებით, შეხვედრაზე განსახილველი თემა უამრავია.
„ეს საბიუჯეტო და საკადრო საკითხებია. ასევე ერთ-ერთი მთავარი თემა სოციალურად დაუცველი მოსახლეობის ბოლოდროს მიმდინარე საკითხების მოგვარება იქნება“, - განაცხადა სერგეენკომ.
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის დავით დარახველიძის განცხადებით, დღევანდელ შეხვედრაზე მის სფეროში აქტუალურ საკითხებზე იქნება საუბარი.
„განვიხილავთ სხვადასხვა დაწესებულებებში დევნილების შეჭრის საკითხს, მომავალი წლის ბიუჯეტს და აშ.“, - განაცხადა დარახველიძემ.
ენერგეტიკის მინისტრის კახი კალაძის განცხადებით, ის ენერგოსისტემაში არსებულ სიტუაციაზე დღეს პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილთან აპირებს საუბარს.
„პრემიერ-მინისტრს უნდა წარვუდგინო ბიუჯეტი, რომელიც დამხვდა, ასევე მინდა ვესაუბრო ენერგოსისტემაში არსებულ სიტუაციაზე და იმაზე, თუ რა მდგომარეობაში იქნება ეს სისტემა ზამთრისთვის. ფინანსური კუთხით უნდა აღვნიშნო რომ ნორმალური სიტუაცია დამხვდა, რაიმე გარღვევებს, წინასწარი ინფორმაციით , ადგილი არ ჰქონია“, - განაცხადა კალაძემ.
მინისტრებმა დღესვე პრემიერ-მინისტრს თავიანთი მოადგილეების კანდიდატურების ვინაობა უნდა გააცნონ.
აღსანიშნავია, დილიდან სახელმწიფო კანცელარიაში ივანიშვილმა საგარეო საქმეთა მინისტრი, მაია ფანჯიკიძე, თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით კერვალიძე მიიღო.
საუბარი საორგანიზაციო საკითხებს, სამინისტროს გეგმებსა და სამინისტროს დაკომპლექტებას შეეხო.