სასჯელაღსრულების მინისტრი, სოზარ სუბარი გურამ შარაძის შვილთან, რუსუდან შარაძესთან პირადად შეხვედრას და გასაუბრებას გეგმავს. ამის შესახებ სუბარმა სასჯელაღსრულების #1 დაწესებულების დატოვების შემდეგ განუცხადა.
რუსუდან შარაძე სასჯელაღსრულების #1 დაწესებულებასთან მივიდა, სადაც სოზარ სუბართან შეხვედრას ცდილობდა, რათა გიორგი ბარათელის მონახულების საშუალება მიეცათ. თუმცა, როგორც შარაძემ განაცხადა, სასჯელაღსრულების სამინისტროს პრესსამსახურმა იგი შეცდომაში შეიყვანა და უთხრა, რომ სოზარ სუბარის ნახვის საშუალება #7 დაწესებულებასთან ექნებოდა.
„როდესაც პრესსამსახურის წარმომადგენელმა ეს მითხრა, ამ დროს მე-7 დაწესებულებიდან სოზარ სუბარი პატრიარქთან ერთად უკვე წამოსული იყო #1 დაწესებულებისკენ და მასთან შეხვედრის საშუალება არ მომეცა", - განაცხადა რუსუდან შარაძემ.
გურამ შარაძის შვილი რუსუდან შარაძე მამის მკვლელობისთვის მსჯავრდებულ გიორგი ბარათელის საქმის გადახედვას და გათავისუფლებას ითხოვს. მისი თქმით, გიორგი ბარათელი სასჯელს იხდის უკანონოდ.
„გიორგი ბარათელი არის აბსოლუტურად უდანაშაულო. მე მოვითხოვ, რომ კანონიერი გზებით მოხდეს მისი გათავისუფლება", - განაცხადა რუსუდან შარაძემ.