განათლებისა და მეცნიერების მინისტრის გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებში გამოცდების ჩაბარების ახალი მეთოდი დაინერგება.
აღნიშნულის შესახებ, განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა გიორგი მარგველაშვილმა და ეროვნული გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორმა მაია მიმინოშვილმა დღეს პრესკონფერენცია გამართეს.
მათი განცხადებით, გამოცდები მე-11 კლასშიც ჩატარდება და მე-12 კლასშიც.
კერძოდ, მათი განმარტებით, მე-11 კლასის დამთავრების შემდეგ, მოსწავლეები გამოცდებს ჩააბარებენ ფიზიკაში, ქიმიაში, ბიოლოგიასა და გეოგრაფიაში.
მე-12 კლასის დასრულების შემდეგ კი, გამოცდები ჩატარდება ქართული ენასა და ლიტერატურაში, უცხო ენაში, მათემატიკისა და ისტორიაში.
"ამასთან, მე-11 კლასის მოსწავლე ამა თუ იმ საგანში წარუმატებლობის მიუხედავად, შეუფერხებლად გააგრძელებს სწავლას მომდევნო კლასში და შესაბამისი საგნის გამოცდას დამატებით ჩაატარებს სასწავლო წლის ბოლოს. ამასთან , 2012 -2013 სასწავლო წლის დასასრულს, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებები უშუალოდ უზრუნველყოფენ მე-12 კლასელთა გამოსაშვები გამოცდების ჩატარებას და დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებს შესაძლებლობა ექნებათ, გამოცდები საკუთარ სკოლებში ჩააბარონ. 2012 -2013 სასწავლო წელს მე-11 კლასელები გამონაკლისის სახით გამოცდებს არა მაისში, არამედ მომდევნო სასწავლო წლის ოქტომბერში ჩააბარებენ. შესაბამისად, მათ ოპტიმალური დრო ექნებათ გამოცდებისთვის მოსამზადებლად. გამოცდები გამოცდებისეროვნული ცენტრის მიერ CAT -ის მოდელით ჩატარდება", - განაცხადა მარგველაშვილმა.
გიორგი მარგველაშვილისა და მაია მიმინოშვილის განცხადებით, უმაღლესში მისაღები გამოცდები ყოფილი მინისტრის დიმიტრი შაშკინის მიერ დანერგილი სისტემით, რომლის მიხედვითაც, აბიტურიენტები უმაღლეს სასწავლებელში სწავლის გასაგრძელებლად გამოცდებს სკოლაშივე ჩააბარებენ, მხოლოდ წელს ჩატარდება.
"2013 წლიდან კი, კვლავ ძველი სისტემა აღდგება, რომლის მიხედვითაც, სკოლის დამამთავრებელი გამოცდების შემდეგ, აბიტურიენტები ერთიან ეროვნული გამოცდებს აბარებდნენ", - განაცხადეს მათ.