არასამთავრობო ორგანიზაციები მთავრობას პოლიტიკური ნიშნით სამსახურიდან გათავისუფლებული პირების საქმის გარემოებების შესწავლისკენ მოუწოდებენ.
„სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ“ „საერთაშორისო გაჭვირვალობა – საქართველომ“ და საიამ წინასაარჩევნო გარემოს მონიტორინგის ფარგლებში მოქალაქეთა მიმართ პოლიტიკური ნიშნით ზეწოლის მრავალი ფაქტი შეისწავლეს და გამოაქვეყნეს.
არასამთავრობოების განმარტებით, მათ შორის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული - საჯარო სექტორიდან პოლიტიკური მოტივით სამსახურიდან გათავისუფლების შემთხვევები იყო.
„ჩვენ მიერ აღრიცხული შემთხვევებიდან, ყველაზე ხშირად მოქალაქეთა სავარაუდოდ, პოლიტიკური ნიშნით სამსახურიდან გათავისუფლებას ადგილი ჰქონდა განათლებისა და მეცნიერების, კულტურისა და ძეგლთა დაცვის, შინაგან საქმეთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროების დაქვემდებარებულ უწყებებში, ადგილობრივ თვითმმართველობებსა და მათდამი დაქვემდებარებულ სტრუქტურებში, საჯარო სამართლის იურიდიულ პირებში. არასამთავრობო ორგანიზაციები მივმართავთ შესაბამისი სამინისტროების ხელმძღვანელებს, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებს, დაუყოვნებლივ დაიწყონ შიდაუწყებრივი მოკვლევა სავარაუდოდ პოლიტიკური ნიშნით სამსახურიდან გათავისუფლებული პირების გათავისუფლების გარემოებების თაობაზე, რათა დროულად მოხდეს უკანონოდ გათავისუფბული მოქალაქეების უფლებების აღდგენა და უკანონო გადაწყვეტილებების მიმღები პირების გამოვლენა", - ნათქვამია არასამთავრობოების ერთობლივ განცხადებაში.
ამასთან, „სამართლიანი არჩევნები", საია და "საერთაშორისო გამჭვირვალობა" აღნიშნულ საკითხებზე მთავრობასთან თანამშრომლობისთვის მზადყოფნას გამოთქვამენ.