პატიმართა ოჯახის წევრების ნაწილმა და საზოგადოების წარმომადგენლებმა სახალხო დამცველის პოსტზე ახალი კანდიდატურა ნათია იმნაძე წარადგინეს. აღნიშნულის შესახებ, მათ ბრიფინგი დღეს, For.ge -ს პრესკლუბში გამართეს და სპეციალური მიმართვა გაავრცელეს.
ერთ-ერთი პატიმრის ოჯახის წევრის, ნანა შუღლიაშვილის განცხადებით, უკანასკნელ პერიოდში შექმნილი მდგომარეობის გათვალისწინებით, პატიმართა ოჯახის წევრების და საქართველოს მოქალაქეების აზრით, საქართველოს სახალხო დამცველის ვაკანტურ თანამდებობაზე ისეთი კანდიდატურის წარდგენა უნდა მოხდეს, რომელსაც ადამიანის უფლებების დაცვის სფეროში დიდი გამოცდილება აქვს, არის კომპეტენტური, ობიექტური, პრინციპული და პატიმრების წინაშე დამსახურება გააჩნია.
"აღნიშნულიდან გამომდინარე, მიზანშეწონილად მიგვაჩნია საქართველოს სახალხო დამცველის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად წარმოგიდგინოთ, ქალბატონი ნათია იმნაძის კანდიდატურა. ნათია იმნაძე დაიბადა 1975 წელს, დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი, სწავლობდა პარიზში , სადაც რამდენიმე წლის განმავლობაში მუშაობდა, 2002 -2005 წლებში მუშაობდა საფრანგეთის სხვადასხვა იურიდიულ დაწესებულებებში, ხოლო 2006 წლიდან მუშაობს საქართველოში . იგი ამჟამად, სახალხო დამცველის პრევენციისა და მონიტორინგის დეპარტამენტის უფროსია. ქალბატონი იმნაძე კომპეტენტური, კვალიფიკაციური სპეციალისტია , რომლისთვისაც სამართლიანობის პრინციპების დაცვა ცხოვრების კრედოს წარმოადგენს", - განაცხადა ნანა შუღლიაშვილმა.
პატიმართა ოჯახის წევრებისა და საზოგადოების წარმომადგენლების თქმით, ისინი ამ ინიციატივითა და განცხადებით პარლამენტს უახლოეს დღეებში მიმართავენ.
რაც შეეხება კითხვას, რა საწინააღმდეგო აქვთ, სახალხო დამცველის პოსტზე პატიმართა ოჯახის წევრების ნაწილის მიერვე წარდგენილ დიმიტრი ლორთქიფანიძესთან, ისინი აცხადებენ, რომ მათ ლორთქიფანიძესთან საწინააღმდეგო არაფერი აქვთ.
"ყველა ღირსეული კანდიდატია, მაგრამ ჩვენი არჩევანი და შეხედულება ნათია იმნაძეზე შევაჩერეთ", - განაცხადა შუღლიაშვილმა.