"დიპლომატიურ სამსახურში საკადრო ცვლილებები განხორციელდება", - ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა მაია ფანჯიკიძემ ჟურნალისტებს პრემიერ-მინისტრთან შეხვედრის დაწყებამდე განუცხადა.
ფანჯიკიძემ კონკრეტული გვარების დასახელებისგან თავი შეიკავა, რადგან მისი განმარტებით, აღნიშნულის შესახებ ამ ადამიანებმა უშუალოდ სამინისტროს ხელმძღვანელობისგან უნდა გაიგონ.
„ამ თემაზე რამდენჯერმე გავაკეთე კომენტარი. ალბათ, ცვლილებები იქნება, თუმცა არცერთი გვარის დასახელებას ახლა არ ვაპირებ, რადგან იმ ადამიანებმა, ვისაც ეს შეეხებათ, ეს უნდა შეიტყონ არა პრესის მეშვეობით, არამედ ჩემგან ან სამინისტროს სხვა ხელმძღვანელისგან", - განაცხადა ფანჯიკიძემ.
რაც შეეხება საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეების საკითხს, მისი თქმით, 2 მოადგილის თანამდებობა კვლავ ვაკანტური რჩება.