საქართველოს იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის განცხადებით, მათი მიზანი უნდა იყოს იუსტიციის სამინისტროს ჩამოყალიბება სამართლიანობის ერთ-ერთ გარანტად, იურიდიულ ავტორიტეტად, საჭირო რეფორმებისა და საკანონმდებლო ცვლილებების ინიციატორად.
ამის შესახებ, სამინისტროს მიერ გავრცელებულ მიმართვაშია ნათქვამი, რომელსაც ხელს თეა წულუკიანი აწერს.
წულუკიანის თქმით, მისი მიზანი არ არის, რომელიმე უწყების ან დაწესებულების ზედამხედველი იყოს.
„მოგესალმებით იუსტიციის სამინისტროს უწყების ყველა თანამშრომელს. გილოცავთ ყველას ჩვენს ქვეყანაში მშვიდობიანი არჩევნების გზით ხელისუფლების ცვლილებას და ახალი ხელისუფლების პოლიტიკურ კურსს - ქვეყანას მომავლისაკენ წაუძღვეს. იმედი მაქვს, რომ ამ მძიმე და ქვეყნისთვის მნიშვნელოვან საქმეში, ჩვენ შევძლებთ გავაერთიანოთ ძალისხმევა და მიუხედავად ხანდახან არსებული განსხვავებული აზრისა, ვუერთგულოთ ერთ საქმეს.
მე მაქვს მიზანი, თქვენთან ერთად გავაგრძელო ყველა ის კარგი პროექტი და საქმე, რაც გიკეთებიათ და არსებული ხარვეზების გამოსწორებაში დაგეხმაროთ. მე აგრეთვე მიზნად მაქვს, არ დავუშვა იუსტიციის სამინისტროში სხვადასხვა ტიპის უთანასწორობა ან დისკრიმინაცია განსხვავებული აზრისა თუ პოლიტიკური შეხედულების გამო. მე არ მაქვს მიზნად ზედამხედველი ვიყო რომელიმე სხვა უწყების ან რომელიმე დაწესებულების, რომელიც ჩვენს უწყებაში არ შემოდის. პირიქით, ჩვენი მიზანი უნდა იყოს იუსტიციის სამინისტროს ჩამოყალიბება სამართლიანობის ერთ-ერთ გარანტად, იურიდიულ ავტორიტეტად, საჭირო რეფორმებისა და საკანონმდებლო ცვლილებების ინიციატორად და ამ კუთხით, საზოგადოებასა და სამოქალაქო სექტორთან რეალური თანამშრომლობა. გიხდით მადლობას იმ შრომისთვის, რომელიც აქამდე ქვეყნისთვის გასწიეთ და გისურვებთ წარმატებებს ახალი მინისტრის ხელმძღვანელობით“,- ნათქვამია მიმართვაში.