სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის სოზარ სუბარის განცხადებით, საპატიმრო დაწესებულებებიდან პირობით ვადაზე ადრე 300-მდე პატიმარი გათავისუფლდება. ამის შესახებ მან ჟურნალისტებს გლდანის #18-ე სამკურნალო დაწესებულებიდან გამოსვლის შემდეგ განუცხადა.
სუბარის თქმით, 27 ოქტომბერს პირობით ვადამდე უკვე 35 პატიმარი გათავისუფლდა. ამასთან, წუხელ ციხე, კერძოდ გლდანი მე-8 დაწესებულება კიდევ 30-მდე პატიმარმა დატოვა.
მისი განმარტებით, პირობით ვადაზე ადრე გათავისუფლება შეიძლება ნებისმიერ მუხლს შეეხოს და აღნიშნა, რომ ეს ახალი ხელისუფლების მიდგომის ცვლილების დამსახურებაა.
„არსებობს რაღაც გარკვეული კრიტერიუმები, რომელთა დაკმაყოფილების შემთხვევაში პატიმრები სასჯელაღსრულების დაწესებულებებს დატოვებენ. რაც შეეხება პოლიტპატიმრებს, ეს საკითხი სასჯელაღსრულების მინისტრის კომპეტენციას სცდება და ამ საკითხზე პარლამენტი იმსჯელებს. ამნისტიაზე საკანონმდებლო ორგანო უკვე მუშაობს და არ მგონია, ეს აქტი ძალიან დაგვიანდეს", - აღნიშნა სოზარ სუბარმა.
მისივე განმარტებით, ამნისტიასთან დაკავშირებით საზოგადოებაში ცრუ მოლოდინები არ უნდა გაჩნდეს.
„ამნისტია არ იქნება პანაცეა, თუმცა პირობით ვადამდე გათავისუფლების რეალური ამუშავებით, სასჯელთა შეკრებითობის პრინციპის გაუქმებით და ავადმყოფი პატიმრებისადმი მიდგომის შეცვლით, ჯამში, გათავისუფლება ფართომასშტაბიანი გამოვა და სასჯელაღსრულების დაწესებულებებიც განიტვირთება", - აღნიშნა სოზარ სუბარმა.