კოალიცია „ქართული ოცნების“ გარემოს დაცვის მიმართულების ხელმძღვანელი, ლაშა ჩხარტიშვილი მიიჩნევს, რომ გარემოს დაცვის ინსპექციის, გარემოს დაცვის სამინისტროს დაქვემდებარებაში აღდგენა და მისი სათანადო ტექნიკით აღჭურვა მნიშვნელოვანია.
„წინა ხელისუფლებისთვის გარემოს დაცვა პრიორიტეტული რომ არ იყო, ეს მათი გადაწყვეტილებიდანაც ჩანს, როდესაც ცხოველთა სამყაროზე კონტროლი ენერგეტიკის სამინისტროს გადაეცა. გარდა ამისა, გარემოს დაცვის ინსპექცია მეტ-ნაკლებად აკონტროლებდა ბრაკონიერობას, რომელიც ისე გახშირდა, რომ ბორჯომის ტყეში მეტყევეც კი დაიღუპა. ამიტომ ამ სამსახურის აღდგენა აუცილებელია“, - განაცხადა ჩხარტიშვილმა.
ჩხარტიშვილი ამბობს, რომ საქართველოში ბრაკონიერობის საგანგაშოდ გახშირებული ფაქტები ბიომრავალფეროვნებას და ადამიანის სიცოცხლეს საფრთხეს უქმნის.
„გარემოს დაცვის სამინისტრომ უნდა გადახედოს სამონადირო ნებართვების კვოტებს, რომლის დათვლის პრინციპი დღემდე გაურკვეველია. 2 წელზე მეტია, რაც არ გადაუხედავთ ნადირობის კვოტები. რის მიხედვით ითვლება ნადირობისთვის დაშვებული ცხოველების რაოდენობა გაურკვეველია. ამან შეიძლება მათი პოპულაციის გაქრობაც გამოიწვიოს. მითუმეტეს, როცა წინა ხელისუფლებამ წითელ წიგნში შეტანილ ზოგ ცხოველზე ნადირობაც კი დაუშვა“, - განაცხადა ჩხარტიშვილმა.
„ქართული ოცნების“ გარემოს დაცვის მიმართულების ხელმძღვანელი მიიჩნევს, რომ საჭიროა გარემოს დამცველები სამომავლოდ ამ საკითხით უფრო მეტად დაინტერესდნენ და სამინისტროსთან ერთად ბიო სამყარო განადგურებისგან იხსნან.