საქართველოში კიდევ ერთი ახალი ორგანიზაცია დაფუძნდა სახელწოდებით „სრულიად საქართველოს სახალხო დარბაზი".
„სახალხო დარბაზის" თავმჯდომარე კინორეჟისორი რეზო ჩხეიძეა. დარბაზის გამგეობა შედგება 8 წევრისგან.
დაფუძნების შესახებ განცხადება დარბაზის გამგეობის წევრებმა ორგანიზაციის ეროვნულ ბიბლიოთეკაში გააკეთეს, სადაც ქვეყანაში მომხდარი მოვლენები შეაფასეს.
დარბაზის წევრებმა ასევე სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის, ილია მეორისა და პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილისადმი მიმართვები წაიკითხეს.
მიმართვებში აღნიშნული იყო, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ" დროებით, ქამელეონივით ფერი იცვალა, რევანშისთვის ემზადება და საზოგადოების ბრძოლა დასრულებული არ არის.
"ქართველმა ერმა 1-ელ ოქტომბერს დააფიქსირა თავისი ნება, იცხოვროს თავისუფალ, ღირსეულ, ღვთისმოსავ ქვეყანაში. ეს გამარჯვება უნდა დაიცვას და ბოლომდე მიიყვანოს გამარჯვება", _ განაცხადა გამგეობის წევრმა ავთანდილ იოსელიანმა.
მისივე თქმით, საქართველოს უმეტეს რეგიონებში უკვე დააფუძნეს წარმომადგენლობები.
საზოგადოებრივი დარბაზის პრეზენტაცია მომავალ კვირას არის დაგეგმილი.