საქართველოს პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს საპრეზიდენტო ვადა 2013 წლის იანვარში ეწურება, თუმცა კონსტიტუციაში შეტანილი ცვლილების მიხედვით, საპრეზიდენტო ვადა სააკაშვილს ათი თვით გაუხანგრძლივდა. გადააჭარბა თუ არა პრეზიდენტმა უფლებამოსილებას, როდესაც საპრეზიდენტო ვადა გაიხანგრძლივა, არის თუ არა არსებულ კონსტიტუციაში ამ დებულების შეტანის შემდეგ წინააღმდეგობა და დააყენებს თუ არა ახალი პარლამენტი საკითხს, შეიტანოს ცვლილება სააკაშვილის საპრეზიდენტო ვადებთან დაკავშირებით? From.ge პარლამენტის იურდიული კომიტეტის თავმჯდომარეს, კონსტიტუციონალისტ ვახტანგ ხმალძეს ესაუბრა.
კონსტიტუციის მიხედვით, ქვეყნის პრეზიდენტი 5-წლიანი ვადით ირჩევა, რაც ნიშნავს, რომ საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს მეორე საპრეზიდენტო ვადა, 2013 წლის 5 იანვარს ეწურება, ამავდროულად კონსტიტუციის გარდამავალი დებულება ამბობს, რომ ქვეყანაში საპრეზიდენტო არჩევნები 2013 წლის ოქტომბერში ტარდება...
-არა, არა, ხუთწლიანი ვადა იწურება უფლებამოსილების ცნობის დღიდან და ეს უფლებამოსილების ცნობა იყო, როდესაც მან ფიცი დადო. ეს გახლდათ 2008 წლის 20 იანვარი. მაგრამ კონსტიტუციაში არის კიდევ მეორე ნორმა, რომელიც ამბობს, რომ პრეზიდენტის, ისევე როგორც პარლამენტის მორიგი არჩევანი იმართება იმ წლის ოქტომბრის თვეში, რომელ წელსაც უფლებამოსილების ვადა იწურება.
შესაბამისად, თუ პრეზიდენტი ან პარლამენტი ოქტომბერში ირჩევიან და ვადამდე არ მოხდა მათი დათხოვნა, ან მათი უფლებამოსილების შეწყვეტა თანამდებობიდან გადადგომის, გათავისუფლების ან გარდაცვალების გამო, თუ პრეზიდენტმა არ დაითხოვა პარლამენტი, ყოველთვის იქნება არჩევნები ოქტომბერში და მათი უფლებამოსილების ფაქტობრივი ვადა იქნება ხუთწლიანი. თუ მოხდა უფლებამოსილების ვადამდე ადრე შეწყვეტა, ამ ჩანაწერების მიხედვით გამოვა,რომ პარლამენტის უფლებამოსილების ვადა შეიძლება იყოს 4 წელი და ორი თვე ან ათი თვე, ასევე პრეზიდენტის უფლებამოსილებაც შეიძლება იყოს არა ხუთი წელი, არამედ ხუთი წელი და ორი თვე ან ათი თვე.
ნიშნავს თუ არა ეს იმას, რომ კონსტიტუციას შორის არსებობს წინააღმდეგობა?
-ვერ ვიტყოდი, რომ არის ფორმალური წინააღმდეგობა. არის შეუსაბამობა პრინციპთან, რომ არცერთი ორგანოს შეუსაბამობის ვადა არ უნდა იყოს უფრო მეტი, ვიდრე ეს არის განსაზღვრული. ამიტომ, როდესაც ადგენენ ხოლმე, მაგალითად, არჩევნები როდის იყოს, წერენ ხოლმე ისეთ ნორმას, რომელიც რიგგარეშე არჩევნების შემთხვევაში, ამცირებს უფლებამოსილების ვადას და არა ზრდის ხოლმე.
ადრე კონსტიტუციაში იყო ჩანაწერი,რომ პრეზიდენტის მორიგი არჩევნები იმართება მისი უფლებამოსილების ვადის მეხუთე წლის რომელიღაც თვეში. თუ ყველაფერი ნორმალურად მიდის, მაშინ ხუთი წელი იქნება ეს ვადა, თუ რიგგარეშე არჩევნები ხდება, მაშინ არჩევნები შეიძლება ჩატარდეს ხუთ წელზე ნაკლები ერთი თვით, სამი თვით, ოთხი თვით. ასე უფროა მიღებული. ისეთი ჩანაწერშიც, როგორიც ახლა გვაქვს, რაიმე ფორმალური წინააღმდეგობა არ არის.
ყოფილი ოპოზიცია და დღევანდელი ხელისუფლება წინასაარჩევნოდ აცხადებდა, რომ პრეზიდენტმა უფლებამოსილებას გადააჭარბა, კონსტიტუცია თავის თავზე მოირგო, გაიხანგრძლივა საპრეზიდენტო ვადა და კოალიციის გამარჯვების შემთხვევაში, საპარლამენტო უმრავლესობა დააყენებდა პრეზიდენტის უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხს და საკონსტიტუციო ცვლილებას შეიტანდა...
-შეიძლება ვინმემ თქვა, მაგრამ კოალციის სახელით ასეთი განცხადება არ გაკეთებულა და თუ ვინმემ გააკეთა, მას ამის გაკეთების უფლება არ ჰქონდა. ფორმალურად, ეს ცვლილება რომ მორიგი საპრეზიდენტო არჩევნები ოქტომბერში გაიმართოს, მიიღო პარლამენტმა. რასაკვირველია, ეს გაკეთდა იმ კანონპროექტის საფუძველზე, რომელიც პრეზიდენტმა წარუდგინა პარლამენტს და მოგეხსენებათ, წინა პარლამენტი ყველაფერს ასრულებდა, რასაც კი პრეზიდენტი მოისურვებდა.
შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს ჩანაწერი კონსტიტუციაში, ცვლილება, თუ არ ვცდები, მიღებულ იქნა 2007 წელს, ვფიქრობ, უკავშირდებოდა იმას, რომ პრეზიდენტის უფლებამოსილების ვადა რეალურად 5 წელზე მეტი ყოფილიყო, რადგან არჩევნები 2004 წლის იანვარში იყო და შესაბამისად, 2013 წლის იანვარში უნდა ჩატარებულიყო.. მე ვფიქრობ ამ მიზნით გაკეთდა ჩანაწერი. ეს არის პოლიტიკური შეფასება, თუმცა ამის გაკეთების უფლება ჰქონდათ.
თუ პოლიტიკურ შეფასებას გავაკეთებთ, აპირებს თუ არა ახლანდელი პარლამენტი კონსტიტუციაში ცვლილების შეტანას ამ საკითხთან დაკავშირებით?
-ამ საკითხზე არანაირი მსჯელობა არ ყოფილა.