ახალი მთავრობა შინაგან საქმეთა სამინისტროს საშინაო საქმეთა სამინისტროდ გარდაქმნას აპირებს და მის სამოქალაქო უწყებად ჩამოყალიბებას გეგმავს. ამის შესახებ პრემიერ მინისტრობის კანდიდატმა, ბიძინა ივანიშვილმა დღეს პარლამენტში პლენარულ სხდომაზე ახალი სამთავრობო პროგრამის წარმოდგენისას განაცხადა.
მისივე განმარტებით, ამოქმედდება პოლიციის საქმიანობის საზოგადოებრივი კონტროლის მექანიზმი, პოლიცია გათავისუფლება პოლიტიკური წნეხისგან და სახელმწიფოსა და ხალხის სამსახურში ჩადგება.
ასვე ივანიშვილის თქმით, შსს-ს სისტემიდან გამოიყოფა უშიშროების სამსახურები და შეიქმნება ერთიანი დამოუკიდებელი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ახალი შინაარსით, ფორმითა და სტრუქტურით.
„მისი საქმიანობა იქნება საიდუმლო ინფორმაციის მოძიება, ანალიზი, სისტემატიზაცია და რეალიზაცია. სისხლის სამართლებრივი დევნა უშიშროების სამსახურის ფუნქცია არ უნდა იყოს", - განაცხადა ივანიშვილმა.
„არ დავუშვებთ, პოლიცია ერთი პოლიტიკური ძალის ხელში ხალხის დაშინების მექანიზმად იქცეს. შსს-ს სისტემიდან გამოიყოფა უშიშროების სამსახურები და შეიქმნება ერთიანი დამოუკიდებელი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ახალი შინაარსით, ფორმითა და სტრუქტურით.
მისივე თქმით, ახალი მთავრობა შექმნის სისტემას, სადაც საჯარო მოხელის გათავისუფლება მის პოლიტიკურ შეხედულებებზე დამოკიდებული არ იქნება.
„კანონით შევქმნით ისეთ გარანტიებს, როგორიცაა საჯარო მოხელის უვადოდ დანიშვნა, თვითნებურად გათავისუფლებისგან მათი დაცვა და სხვა სოციალური გარანტიები", - აღნიშნა ივანიშვილმა.
მისივე თქმით, საქართველოში ხელისუფლების ცვლილება საჯარო სამსახურში მყოფი კადრების დათხოვნას აღარ გამოიწვევს.