პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, საერთაშორისო თანამეგობრობის მხარდაჭერით, ახალი ხელისუფლება რუსეთთან ეკონომიკური და კულტურული ურთიერთობების მიმართულებით მოლაპარაკებების დაწყებას მიაღწევს.
ამის შესახებ, ივანიშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, რომელზეც მთავრობის ახალ შემადგენლობას პარლამენტმა ნდობა უნდა გამოუცხადოს.
ივანიშვილის განცხადებით, მათი მთავარი მიზანი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების დეოკუპაცია იქნება და აღნიშნა, რომ აფხაზებთან და ოსებთან სალაპარაკოდ გზებს მოძებნიან.
„საქართველოში განვითარდება ლიბერალურ-დემოკრატიულ ღირებულებებზე დაფუძნებული ინსტიტუტები. ჩვენი მთავრობა უზრუნველყოფს ქვეყნის უსაფრთხოებას და ხელს შეუწყობს რეგიონალური პოზიციების გამყარებას.
გადაიდგმება ქმედითი ნაბიჯები ევროკავშირთან და ნატოსთან ინტეგრაციის მიმართულებით. დაიწყება და შეუქცევადი გახდება ქვეყნის გამთლიანების პროცესი. ჩვენი მთავარი მიზანი იქნება საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების დეოკუპაცია. ამასთან ერთად, ჩვენ მოვძებნით გზებს აფხაზებთან და ოსებთან სალაპარაკოდ. ჩვენ საერთაშორისო თანამეგობრობის მხარდაჭერით მივაღწევთ რუსეთთან მოლაპარაკებების დაწყებას ეკონომიკური და კულტურული ურთიერთობების მიმართულებით.
ხელისუფლების ეფექტიანი მუშაობისათვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ტერიტორიულ მთლიანობას, ყველა მოქალაქეს ექნება იმის საშუალება, საკუთარი ინტერესები გამოხატოს და სახელმწიფოს მართვაში აქტიური მონაწილეობა მიიღოს“, - განაცხადა