ბიძინა ივანიშვილი: სასჯელის მოხდის ვადა იქნება საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი

ბიძინა ივანიშვილი: სასჯელის მოხდის ვადა იქნება საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი

პრემიერ მინისტრობის კანდიდატის, ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, სამთავრობო პროგრამის ფარგლებში გათავისუფლდება საკონსტიტუციო სასამართლოს უფლებამისლება და შეიქმნება ადამიანის უფლებათა დაცვის ეფექტიანი შიდა სახელმწიფოებრივი მექანიზმი.

ამის შესახებ ივანიშვილმა დღეს სამთავრობო პროგრამის წარმოდგენისას პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, ახალი ხელისუფლება უზრუნველყოფს გამოირიცხოს დანაშაულთა ერთობლიობისას სასჯელის მხოლოდ შეკრების წესით დანიშვნა და აღნიშნა, რომ გათვალისწინებული იქნება სამართლიანი სასჯელის დანიშვნის საუკეთესო მოდელები.

"სასჯელად დადგინდება გამოყენებული ფულადი ჯარიმების ზედა ზღვარი. სასჯელის მოხდის ვადა იქნება საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი და სრულად იქნება დაცული ადამიანის უფლებები", - განაცხადა ივანიშვილმა.

აქვე, ივანიშვილმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ საპროცესო შეთანხმების ინსტიტუტი გახდება სამართლიანი და მაქსიმალურად იქნება გათვალისწინებული დაზარალებულის ინტერესები.

ამასთან , ივანიშვილის თქმით, მისი გუნდის პოლიტიკური ნებაა შეიზღუდოს პროკურატურის განუსაზღვრელი უფლებამოსილება და გაძლიერდეს ადვოკატის ინსტიტუტი.

"ბოლო უნდა მოეღოს პროკურორის დიქტატს . ამასთან ათასობით უკანონოდ დაპატიმრებული ადამიანის დარღვეული უფლებების აღსადგენად, გონივრულ ვადებში უნდა დაინიშნოს მათი საქმეების განხილვები ", - განაცხადა ივანიშვილმა.

პრემიერ მინისტრობის კანდიდატის განმარტებით, პროკურატურის ფუნქცია იქნება საზოგადოება დანაშაულისგან დაიცვას, ასევე დაიცვას ბრალდებულის, მსჯავრდებულისა და დაზარალებულის კანონიერი უფლებები.