ბიძინა ივანიშვილი: მე და ჩემი გუნდი ვიღებთ პასუხისმგებლობას თითოეულ ადამიანზე ვიზრუნებთ და ყველა დანაპირებს შევასრულებთ

ბიძინა ივანიშვილი: მე და ჩემი გუნდი ვიღებთ პასუხისმგებლობას თითოეულ ადამიანზე ვიზრუნებთ და ყველა დანაპირებს შევასრულებთ

პარლამენტის პლენალური სხდომა, რომელზეც მთავრობის ახალ შემადგენლობას პარლამენტმა ნდობა უნდა გამოუცხადოს დაიწყო.

პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი ბიძინა ივანიშვილი სხდომაზე მოხსენებით გამოდის.

ივანიშვილი საქართველოს მთავრობის პროგრამის "ძლიერი, დემოკრატიული, ერთიანი საქართველოსთვის" ძირითად მიმართულებებზე საუბრობს.

ივანიშვილის განცხადებით, ახალი მთავრობისთვის მთავარი ღირებულება ადამიანია და აღნიშნავს, რომ მათი სამთავრობო პროგრამა სწორედ, ამ პრინციპებითაა შემუშავებული.

მისი თქმით, ახალი ხელისუფლება თითოეულ ადამიანზე იზრუნებს, ყველა დანაპირებს შეასრულებს და ხალხს დაუმტკიცებს, რომ ჭეშმარიტად სახალხო ხელისუფლება გვაქვს.

"პატივცემულო დეპუტატებო, გილოცავთ მერვე მოწვევის პარლამენტის შეკრებას და გისურვებთ ნაყოფიერ და წარმატებულ საქმიანობას. მინდა მადლობა ვუთხრა, ჩვენს ხალხს ამ ცვლილებების მთავარ შემოქმედს, რომლებმაც სამოქალაქო გმირობის ტოლფასი საქმე ჩაიდინა. თავისი ღირსეული სიტყვა თქვა და ხმა მისცა სიახლეს, რომელმაც ჩვენი ქვეყნისა და საზოგადოების ცხოვრებაში სრულიად ახალი ეტაპი დაიწყო.

ამ ქვეყანაში, საზოგადოების ჩემიანებად და სხვისიანებად დაყოფა დამთავრდა.

ყოველთვის ვაცხადებდი და ახლაც მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ჩვენი მთავრობა არ დაუშვებს პოლიტიკური ნიშნით დევნას. ეს ამბავი საქართველოში ისტორიას ჩაბარდა . მინდა განსაკუთრებით აღვნიშნო ჩვენი მეგობარი და პარტნიორი ქვეყნების საერთაშორისო თანამეგობრობის როლი, რომელიც მათ ჩვენი ქვეყნისათვის ამ გადამწყვეტ ეტაპზე შეასრულეს, პატივი სცეს ქართველი ხალხის არჩევანს და ამით მხარი დაუჭირეს ჩვენს ქვეყანას და არა რომელიმე პოლიტიკურ ლიდერს", - განაცხადა ივანიშვილმა.

მისი თქმით, 2012 წლის წლის პირველ ოქტომბერს საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობამ მხარი დაუჭრა მათ პოლიტიკურ გუნდს და ქვეყანაში ძირეული ცვლილებების განხორციელებას, შესაბამისად ივანიშვილი აღნიშნავს, რომ ასეთი დიდი ნდობა და ცვლილებების მოლოდინი მათ უდიდეს პასუხისმგებლობას აკისრებს და აღნიშნავს, რომ ეს კარგად აქვთ გაცნობიერებული .

"მე და ჩემი გუნდი, ვიღებთ ამ პასუხისმგებლობას და მზად ვართ, ვემსახუროთ ჩვენს ქვეყანას და თავდაუზოგავად ვიშრომოთ, რათა თავი დავაღწიოთ წარსულის მძიმე მემკვიდრეობას.

ჩვენმა ხალხმა მიაღწია თავისუფლებას, მაგრამ თავისუფლებასთან ერთად, ხალხმა კეთილდღეობაც უნდა იგრძნოს და რაც შეიძლება სწრაფად.

ჩვენი ხალხის უმრავლესობა უკიდურეს გაჭირვებაში ცხოვრობს და ჩვენ პირველ რიგში, თავი უნდა დავაღწიოთ ამ გაჭირვებას, ეს არის ჩვენი მთავრობის უპირველესი ამოცანა.

ჩვენი მთავრობისთვის მთავრი ღირებულებაა ადამიანი, ჩვენი სამთავრობო პროგრამა სწორედ, ამ პრინციპებით არის შემუშავებული. ჩვენ ვიზრუნებთ თითოეულ ადამიანზე, ყველა დანაპირებს შევასრულებთ და დავუმტკიცებთ ჩვენს ხალხს, რომ ჭეშმარიტად სახალხო ხელისუფლება ვართ.

ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ საქართველო ჩადგეს განვითარებული დემოკრატიული ქვეყნების რიგში", - განაცხადა ივანიშვილმა.