მინაშვილი:   რეალურად კითხვების დასმას აზრი არ აქვს, რადგან მათ პასუხები არ გააჩნიათ

მინაშვილი: რეალურად კითხვების დასმას აზრი არ აქვს, რადგან მათ პასუხები არ გააჩნიათ

საპარლამენტო უმცირესობის ერთ-ერთი ლიდერი, აკაკი მინაშვილი კოალიცია „ქართული ოცნების" სამთავრობო პროგრამას არასერიოზულად აფასებს.

მინაშვილი აცხადებს, რომ ვერ გაიგო რომელია სამთავრობო პროგრამა, რადგან  მისი თქმით, კოალიციამ რამდენიმე ერთმანეთისგან განსხვავებული დოკუმენტი წარმოადგინა.

„რთულია სამთავრობო პროგრამის შეფასება, რადგან გაურკვეველია, რომელია აღნიშნული პროგრამა – რამდენიმე ერთმანეთისგან განსხვავებული დოკუმენტი დაიდო. ამასთან, განსხვავებულია ლიდერების პოზიციაც, ამიტომ რთულია შეფასება გააკეთო, გარდა იმისა, რომ ეს არის არასერიოზული", - განუცხადა აკაკი მინაშვილმა ჟურნალისტებს.

კითხვაზე, თუ რა საკითხებით დაინტერესდებიან უმცირესობის წარმომადგენლები დღევანდელ პარლამენტის სხდომაზე, მინაშვილმა განაცხადა, რომ რეალურად კითხვების დასმას აზრი არ აქვს, რადგან პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს მასზე პასუხები არ გააჩნია.

მიუხედავად ამისა, უმცირესობის წარმომადგენელი აცხადებს, რომ შეკითხვები ყველა მიმართულებით იქნება დასმული, იქნება ეს სოციალური, ეკონომიკური თუ საგარეო ურთიერთობები.

„მაგალითად, გვაინტერესებს, რა პირობების სანაცვლოდ აპირებს საქართველო ოკუპანტ სახელმწიფოსთან სავაჭრო ურთიერთობების აღდგენას და რას აპირებს იმ სარჩელებზე, რომელიც საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ როგორც სტრასბურგში, ისე ჰააგაში აქვს შეტანილი. თუმცა გუშინდელმა შეხვედრამ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ კითხვების დასმას აზრი არ აქვს, რადგან ამ ადამიანებს მათზე პასუხები არ გააჩნიათ", - აღნიშნა მინაშვილმა.

ცნობისთვის, დღეს პარლამენტის სხდომაზე ახალ მინისტრთა კაბინეტს ნდობა უნდა გამოეცხადოს და ასევე სამთავრობო პროგრამა დამტკიცდეს.