ვახტანგ კომახიძე: ბარამიძის განცხადება, რომ ჟვანიასა და აფრასიძეების ფილმებში საკუთარი პოზიციის გადმოცემის შესაძლებლობა არ მიეცა სიცრუეა

ვახტანგ კომახიძე: ბარამიძის განცხადება, რომ ჟვანიასა და აფრასიძეების ფილმებში საკუთარი პოზიციის გადმოცემის შესაძლებლობა არ მიეცა სიცრუეა

ჟურნალისტი ვახტან კომახიძე სოციალურ ქსელ „facebook“- ის საკუთარ გვერდზე ტელეკომპანია „მაესტროს“ ეთერში საპარლამენტო უმცირესობის ერთ-ერთი ლიდერის გიორგი ბარამიძის განცხადებას გამოეხმაურა, რომლის თანახმადაც,   ჟვანიაზე და აფრასიძეებზე ფილმები ცალმხრივად მომზადდა და მეორე მარეს, ანუ მას საკუთარი მოსაზრებების და პოზიციის გადმოცემის შესაძლებლობა არ მიეცა.

კომახიძე აღნიშნავს, რომ ბარამიძეს ეს აქამდე არასოდეს უთქვამს და აცხადებს, რომ ეს სიცრუეა.

როგორც ის  facebook -ის საკუთარ გვერდზე წერს, ზურაბ ჟვანიას თემაზე მისგან ინტერვიუს მიღებას საკმაოდ ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში ცდილობდა.

 „ორივე ფილმი ჩემი მომზადებულია და ორივე ფილმის მომზადების პროცესში ვცდილობდი მასთან დაკავშირებას სწორედ მისი პოზიციის გამოსავლენად. ზურაბ ჟვანიას თემაზე მისგან ინტერვიუს მიღებას საკმაოდ ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში ვცდილობდი. სხვებთან ერთად შემიძლია დავასახელო მისი ორი ახლო მეგობარი,  ვისი საშუალებითაც მის ინტერვიუზე დათანხმებას ვცდილობდი და ორივე მათგანის საშუალებით უარი შემომითვალა. უფრო მეტიც, ფილმის მომზადების პერიოდში საშვთა ბიუროს გავლით ვიმყოფებოდი მის მისაღებში ინტერვიუს მისაღებად,  სადაც შეკითხვებით დაინტერესდნენ,  მისი ერთ-ერთი წარმომადგენელი შეკითხვების მოსასმენად კაფეშიც კი შემხვდა, მაგრამ საბოლოოდ, ბარამიძემ ინტერვიუზე უარი შემომითვალა. აფრასიძეების თემაზე კი, ინტერვიუსთვის მას წერილობით მივმართე,  რაც ასევე არ დაკმაყოფილდა“, - წერს კომახიძე facebook -ის საკუთარ გვერდზე.

რაც შეეხება გადაცემაში ბარამიძის მიერ გამოთქმულ პრეტენზიას, რომ მისი მისამართით უსაფუძვლო ბრალდებები გამოაქვეყნეს, კომახიძე ამასაც სიცრუეს უწოდებს.

ის აღნიშნავს, რომ პრეტენზია თავხედურად იყო ინტერპრეტირებული ჟვანიასა და აფრასიძეების ფილმთან მიმართებაშიც.

„ესეც სრული სიცრუეა, რადგან პრემიერ-მინისტრის დაღუპვის დეტალებზე მომზადებული ორი ფილმიდან არც ერთში ბარამიძის გვარი ნახსენებიც არ იყო. თუმცა,  იგი უდავოდ არის ამ საქმის ერთ-ერთი საინტერესო მოწმე. პრეტენზია თავხედურად იყო ინტერპრეტირებული აფრასიძეების ფილმთან მიმართებაშიც,  ფილმში არ გაჟღერებულა, რომ ბარამიძემ მიცვალებულს საქორწინო ბეჭედი მოხსნა და რომ იგი გვამებზე სადილობდა, თუმცა,  ფილმში აღწერილი იყო სპეცოპერაციის დანაშაულებრივი სისასტიკე, მოწმეთა ისეთი ჩვენებები, რაც სპეცოპერაციის კანონიერებას ეჭვქვეშ აყენებდა და თავისთავად გამოძიების დაწყების საფუძველი უნდა გამხდარიყო. აი,  ამ საკითხით ბარამიძე არასოდეს დაინტერესებულა და თუნდაც ესაა სრულიად საკმარისი საფუძველი მისი ბრალდებისთვის. რაც შეეხება ფილმს, იქ არანაირი ჟურნალისტური მოსაზრება და შეფასება არ ყოფილა გამოთქმული. ფაქტების აღწერილობები და შეფასებები მთლიანად სპეცოპერაციის თვითმხილველებს და საქმეში მონწილე მხარეებს ეკუთვნოდათ“, - წერს კომახიძე.

მისივე თქმით, ბარამიძემ პირდაპირ ეთერში გამოთქმული პრეტენზიის შემდეგ, რომ მას არ მიეცა ფილმებში თავისი მოსაზრებების გამოთქმის შესაძლებლობა, იქვე, რამდენიმე წუთში უარი თქვა ეპასუხა იგივე შინაარსის კითხვებისთვის და „დამაჯერებლად“  ცდილობდა იმის ახსნას,  თუ რატომ არ სურდა არასოდეს ამ თემებზე საუბარი.

„ერთი შეხედვით,  ეს არაადეკვატური საქციელი სინამდვილეში ეს არც უაზრობაა და არც ბარამიძის ნოუჰაუ. ასეთი იყო „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური ტექნოლოგია - ერთი მხრივ,  ისინი მუდმივად ზღუდავდნენ ინფორმაციას და მეორე მხრივ აფრქვევდნენ საყვედურებს, რომ მედიაში გავრცელებული ინფორმაცია არ იყო სრულფასოვანი. ბარამიძე ისევ იმავე ტექნოლოგიებით აპირებს პოლიტიკური კარიერის გაგრძელებას და ეტყობა ჯერ კიდევ ვერ აცნობიერებს, რომ სწორედ ეს პოლიტ-ტექნოლოგიები აღმოჩნდა მათი პოლიტიკური მესაფლავე“, - წერს კომახიძე facebook -ის საკუთარ გვერდზე.