კომპანია „IDS ბორჯომი საქართველო“  იმედოვნებს,  რომ ქარხანაში სამუშაო პროცესი დაუყოვნებლივ აღდგება

კომპანია „IDS ბორჯომი საქართველო“ იმედოვნებს, რომ ქარხანაში სამუშაო პროცესი დაუყოვნებლივ აღდგება

კომპანია „IDS ბორჯომი საქართველო“  გაფიცულ თანამშრომლებს მეტი პასუხისმგებლობისკენ მოუწოდებს.

აღნიშნულთან დაკავშირებით, კომპანია განცხადებას ავრცელებს.

განცხადების თანახმად, კომპანიის ხელმძღვანელობა  იმედოვნებს,  რომ #1 ქარხანაში სამუშაო პროცესი დაუყოვნებლივ აღდგება.

განცხადებაშია აღნიშნულია, რომ  უკვე მეორე დღეა ბორჯომში „აიდიეს ბორჯომი საქართველოს“  „ბორჯომის“ #1 ჩამომსხმელი ქარხნის თანამშრომლების გაფიცვა მიმდინარეობს.

კომპანიის ცნობით,  შეჩერებულია წარმოება და გადაზიდვები, რომელიც #1 ქარხნიდან ხორციელდებოდა.

„გაფიცვის პარალელურად, მუშაობა გრძელდება #2 ჩამომსხმელ ქარხანაში და იქ ჩამოსხმის პროცესი გეგმის მიხედვით მიმდინარეობს. ბორჯომის #1 ჩამომსხმელი ქარხნის თანამშრომლების მოთხოვნა ზუსტად იგივეა, რაც ამ ეტაპზე საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში მიმდინარე გაფიცვების მონაწილეებისა - ხელფასების 100%-ით მატება. კომპანია „IDS ბორჯომი საქართველო“ მიიჩნევს, რომ საწარმოში არსებული ანაზღაურება და სარგებელი ადეკვატურია დღევანდელ დღეს შრომის ბაზარზე არსებული სიტუაციისა.

გარდა ამისა, ქარხნებში არსებობს ე.წ მე-13 ხელფასი და სხვა წახალისებებისა თუ დახმარებების პროგრამები. წელს,  მთელი წლის განმავლობაში, თანამშრომლებს უტარდებათ ტრენინგები და გადამზადებები, რის შემდეგაც დაგეგმილია ორივე ჩამომსხმელ ქარხანაში ხელფასის საშუალოდ 25%-ით მატება. სამწუხაროდ,  დღევანდელ შეხვედრაზე შეთანხმება ვერ შედგა, რადგან კომპანიის მენეჯმენტის მიერ შეთავაზებული 25%-იანი მატება #1 ქარხნის გაფიცული თანამშრომლებისთვის მისაღები არ აღმოჩნდა.

კომპანია ვერ ჩაებმება პროცესში, რომელიც ზარალს მიაყენებს ბრენდს, მის იმიჯსა და რეპუტაციას,  ასევე ვერ დაუშვებს „ბორჯომზე“ დეფიციტის ხელოვნურად შექმნის მცდელობებს. კომპანია „IDS ბორჯომი საქართველო“, გაფიცულ თანამშრომლებს მეტი პასუხისმგებლობისკენ მოუწოდებს და იმედოვნებს,  რომ ქარხანაში დაუყოვნებლივ აღდგება სამუშაო პროცესი“, - ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.