საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, ლაზიკისთვის განსაზღვრულ ადგილზე პორტის მშენებლობა რეალისტურად მიაჩნია.
აღნიშნულის შესახებ, ივანიშვილმა ეკონომიკის მინისტრობის კანდიდატის, გიორგი კვირიკაშვილის განცხადების კომენტირებისას განაცხადა, რომ ლაზიკის ადგილზე ქალაქის ნაცვლად შესაძლოა პორტი აშენდეს.
„ეკონომიკის მინისტრობის კანდიდატის, გიორგი კვირიკაშვილის განცხადებაზე ცუდად ვარ ინფორმირებული. კონკრეტულად ვერ გაგცემთ პასუხს. გულსატკენია, რომ სამეგრელოს ისტორიული სახელი ასე დააკნინეს. იმდენი ატრიალეს ტანკი „ლაზიკა“ და ქალაქი „ლაზიკა“, რომ ლამის იუმორისტული დამოკიდებულება გაჩნდა ამ სახელთან. ამ საკითხს განვიხილავთ, ქალაქი ალბათ აბსურდულია. რაც შეეხება პორტს, ის რეალისტურად მიმაჩნია, თუმცა, ზუსტად ვერ ვიტყვი“, - განაცხადა ივანიშვილმა.