გერმანელი მეცნიერის, გიუნტერ შიმენცის მიერ 1970-იან წლებში ტაო-კლარჯეთში გადაღებული ფოტოების გამოფენა, 26 ოქტომბერს, საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში გაიმართება. გამოფენა სამი დღე გაგრძელდება და ფოტოები შემდგომ ხელოვნების მუზეუმში გადაინაცვლებს.
ექსპოზიციაზე წარმოდგენილი იქნება გერმანელი მეცნიერის მიერ ტაო-კლარჯეთში ფირზე აღბეჭდილი თითქმის ყველა მნიშვნელოვანი ქარული ძეგლი. ამ ფოტოების უნიკალურობა იმაში მდგომარეობს, რომ მსგავსი ფოტოები თითქმის არ არსებობს, და რაც არსებობს ისიც შავ-თეთრი და უხარისხო. შიმენცის ფოტოების განსაკუთრებულობა იმაში მდგომარეობს, რომ ეს ფოტოები ფერადია და მაღალი ხარისხის. გარდა ამისა ამ პერიოდში, საბჭოთა კავშირის რეჟიმის გამო ტაო-კლარჯეთის ტერიტორია ყველასთვის დახურული იყო, ძეგლების მონახულება და სამეცნიერო კვლევის ჩატარება თითქმის შეუძლებელი. გიუნტერ შიმენცმა მაინც მოახერხა ორასამდე ფოტოს გადაღება, რომელიც შემდეგ საქართველოს აჩუქა.
გამოფენაზე შიმენცის 70-ამდე ფოტონამუშევართან ერთად წარმოდგენილი იქნება სტუდენტების მიერ აგვისტოს თვეში ჩატარებული ექსპედიციის დროს გადაღებული ფოტოებიც.
გერმანელი მეცნიერის, გიუნტერ შიმენცის მიერ გადაღებული 200-მდე ფოტო თეატრის, კინოს, მუსიკისა და ქორეოგრაფიის მუზეუმში ინახება.
გამოფენის ორგანიზატორია „თავისუფალი უნივერსიტეტის“ სტუდენტების მიერ დაარსებული ფონდი, „გელინო“, ხოლო მხარდამჭერი ბანკი „კონსტანტა“.