რუსულენოვანი ტელეარხის „პირველი კავკასიურის“ თანამშრომლები დღეს დილიდან ქუთაისში, პარლამენტის შენობასთან, აქციას გამართავენ. აქციის მონაწილეები ტელეკომპანიის მაუწყებლობლობის შეწყვეტის გააპროტესტებენ.
„პიკის“ თანამშრომლები მიიჩნევენ, რომ არხის მაუწყებლობის გათიშვის ძირითადი მიზეზი ფინანსური პრობლემაა და პარლამენტს „პიკსა“ და საზოგადოებრივ მაუწყებელში რიგგარეშე აუდიტის ჩატარების თხოვნით მიმართავენ.
„პიკის“ კოლექტივი საზოგადოებრივ მაუწყებლის მხრიდან კონტრაქტის პირობების დარღვევაზე საუბრობს და მაუწყებლის გენერალური დირექტორისაგან მოითხოვს პასუხს - სად წავიდა 2 მლნ-ზე მეტი ლარი, რომელიც ტელეკომპანია „პიკისთვის“ წლის ბოლომდე იყო გამოყოფილი.
დღესვე, ტელეკომპანიის წარმომადგენლები გეგმავენ უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს სპიკერის დავით უსუფაშვილის სახელზე პარლამენტში წერილის შეტანას.
ცნობისთის, „პიკის“ მაუწყებლობა საზოგადოებრივი მაუწყებელის ხელმძღვანელობამ 20 ოქტომბერს შეწყვიტა და ამის მიზეზად „პიკის“ მიერ მასთან შეუთანხმებელი მოქმედებები და ხელშეკრულების პირობების დარღვევა დაასახელა.