საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების ინფორმაციით, ფოთის საზღვაო ნავსადგურის თანამშრომლები დღეს, 09:00 საათიდან, ნავსადგურის მუშაკთა პროფკავშირის ორგანიზებით, გამაფრთხილებელ აქციას მართავენ.
ფოთის ნავსადგურის თანამშრომლები ხელფასების მომატებას, გარკვეული კატეგორიის თანამშრომლებს შორის ხელფასების დისბალანსის აღმოფხვრას, საშხაპეების, საპირფარეშოებისა და გასახდელი ოთახების ღირსეულ მოწყობას და სასადილოების ორგანიზებას მოითხოვენ. ასევე, მათი მოითხოვნაა სამსახურიდან 2011 წლის დეკემბერში უსამართლოდ დათხოვნილი თანამშრომლების საქმეთა გადახედვა - პროფკავშირის და ადმინისტრაციის ერთობლივი კომისიის საშუალებით.
ფოთის ნავსადგურის თანამშრომლებს მხარს უჭერენ პროფკავშირების გაერთიანება და საქართველოს მეზღვაურთა პროფკავშირი.
ისინი ადმინისტრაციას მოუწოდებენ, თავი შეიკავოს გაფიცულებზე ზეწოლისა და მუქარისგან და ჩაერთოს მათთან სოციალურ დიალოგში.
ნავსადგურის მუშაკთა პროფკავშირი მოითხოვს, რომ ნავსადგურის სრულმასშტაბიანი გაფიცვის თავიდან ასაცილებლად ადმინისტრაციამ შეასრულოს დანაპირები და დააკმაყოფილოს გაფიცულთა მოთხოვნები. ამავდროულად, ნავსადგურის თანამშრომლები ადმინისტრაციასთან დიალოგს გააგრძელებენ.
პროფკავშირების ინფორმაციითვე, დღევანდელი აქციის შესახებ ადმინისტრაცია გაფრთხილებულია.