საზოგადოების ცნობილი წარმომადგენლები, 5000-მდე პატიმარი და 70- ზე მეტი არასამთავრობო ორგანიზაცია სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრობის კანდიდატ სოზარ სუბარს მოადგილედ ლალი მოროშკინას დანიშვნას სთხოვს. ლალი მოროშკინას განცხადებით, საზოგადოების მოთხოვნა ეს წამოვიდა იმიტომ, რომ საზოგადოებამ უპასუხა „ქართული ოცნების“ განცხადებას, რომ სახელისუფლო კადრების შერჩევაში ჩაერთოს საზოგადოება.
„საზოგადოება ადექვატურად გამოეხმაურა კოალიციის ამ მოთხოვნას და რადგან, გარკვეული პროცესები გაიწელა, სამოქალაქო საზოგადოება გააქტიურდა. ვფიქრობ, ცუდი არ არის, როდესაც საზოგადოება მონაწილეობს სახელისუფლო კადრების არჩევაში“,-აცხადებს მოროშკინა.
რა იქნება მისი პრიორიტეტები, თუ ლალი მოროშკინას სასჯელაღსრულების მინისტრის მოადგილის თანამდებობაზე დამტკიცებენ, მოროშკინა აცხადებს, რომ მისი მთავარი პრიორიტეტები ციხის საავადმყოფოს გაკეთება, პატიმარი ქალებისთვის პირობების და არასრულწლოვნებისთვის განათლების სრულყოფილი სისტემის შექმნა იქნება.
„წლების განმავლობაში სასჯელაღსრულებითი სამუშაო ჩემი პრიორიტეტია, როდესაც მე განსაკუთრებულ საქმეთა სამინისტროში მინისტრად ვმუშობდი, მაშინაც სწორედ კონფლიქტური ზონებიდან პატიმრების გაცვლასა და გათავისუფლებაზე ვმუშაობდი. ამდენად, სიღრმისეულად ვიცი რა ხდება ამ სისტემაში. თუ მოხდა ამ თანამდებობაზე ჩემი დამტკიცება ჩემი პრიორიტეტები იქნება სამედიცინო საშუალებების შეტანა საპატიმროებში, ნამდვილი ციხის საავადმყოფოს აშენება. რესპუბლიკური საავადმყოფო გახლავთ ჩვეულებრივი კორპუსი,რომელიც საავადმყოფოდ გადააკეთეს მაშინ, როდესაც საავადმყოფოს აშენება ვერ მოასწრეს. ციხის საავადმყოფოს სჭირდება ახალი პერსონალი. ციხე აუცილებლად უნდა დატოვის ძველმა პერსონალმა და ახალი ექიმები შემოვიდნენ, რადგან, ეს ის ექიმები არიან, რომლებიც ნაწამებ პატიმრებს უწერდნენ დასკვნებს, რომ ისინი საწოლებიდან გადმოვარდნენ. ჩემი პრიორიტეტი იქნებოდა, რომ „იმ აკლდამიდან“ გამოვიყვანო ქალები, რომლებიც არაადამიანურ პირობებში იხდიან სასჯელს. ისინი ბეტონზე წლობით ცხოვრობენ, რის შედეგადაც მათ დაავადებები განუვითარდათ. სხვათაშორის, მედიკო ალანიასაც ჰქონდა გაკეთებული შუამდგომლობა 250 პატიმარ ქალბატონზე და მათი ციხიდან სასწრაფოდ გამოშვებას ითხოვდა, სწორედ მათი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო.“,-აცხადებს მოროშკინა.
ლალი მოროშკინას განცხადებით, კი მის ყველაზე დიდ ტკივილს სწორედ საპატიმროებში მყოფი არასრულწლოვნები წარმოადგენენ.
„ვფიქრობ, მათთან დაკავშირებით ცალკე სისტემა უნდა შეიქმნას ფსიქოლოგების, სოციოლოგების მონაწილეობით. ჩემი საქმე არ გახლავთ სასამართლო რეფორმა, მაგრამ აუცილებლად უნდა გადაუხედოს. საპატიმროში მოხვედრილი არასრულწლოვანი სრულფასოვან განათლებას უნდა ღებულობდეს და არ იყოს იქ, მართლაც, გარეული ცხოველივით გამომწყვდეული გისოსებში“,-აღნიშნავს მოროშკინა.
რაც შეეხება სახალხო დამცველის თანამდებობაზე წარდგენილი კანდიდატურების მხარდაჭერას, ლალი მოროშკინა დიმიტრი ლორთქიფანიძეს უჭერს მხარს და მის საინიციატივო ჯგუფსაც წარმოადგენს, რომლის მიმართაც საზოგადოების გარკვეულ ნაწილს გარკვეული პრეტენზიების გააჩნია. ლალი მოროშკინას განცხადებით, ეს პრეტენზიები უსაფუძვლოა, ხოლო სახალო დამცველად თამარ გუირჩიანის კანდიდატურა, მისთვის აუცილებლად მიუღებელია.
„ეს პრეტენზიები საფუძველს მოკლებულია. როგორ შეიძლება დიმიტრის ქსენოფობიაზე საუბარი, მე ვარ მისი საინიციატივო ჯგუფის წევრი, ვარ ეთნიკურად რუსი, თუ ვინმეს მიმართ იყო ქსენოფობიური გამონათქვამებიო, მაშინ ჩემს მიმართაც უნდა ყოფილიყო. მინდა ავნიშნო, რომ დიმიტრი, როგორც ადვოკატი რამდენიმე სექსუალური უმცირესობის წარმომადგენელს იცავდა. ეს თემა ამოწურულია. ყველანაირ სოციოლოგიურ გამოკითხვებში დიმიტრი ლორთქიფანძე ლიდერობს და თუ ის არ გავიდა, მაშინ ვიფიქრებთ, რომ მათ უგულვებელყვეს ყველანაირი გამოკითხვა.
ნაციონალების ჯგუფს დიმიტრი გულზე არ ეხატებათ. ისინი „ქართული ოცნების“ რაღაც ჯგუფთან ერთად, რომელთანაც საკმაოდ კარგი ურთიერთობები გააჩნიათ, ცდილობენ თამარ გურჩიანის კანდიდატის გაყვანას. ვფიქრობ, ეს ძალიან შეურაცხმყოფელი იქნება ქართული საზოგადოების წარმომადგენლებისთვის და იმ უამრავი პატიმრისა და მათი ოჯახის წევრებისთვის,რომლებიც სწორედ დიმიტრი ლორთქიფანძის დანიშვნას მოითხოვენ. მე მართალია, დიმიტრის საინიციატივო ჯგუფის წევრი გახლავართ, მაგრამ გელა ნიკოლაიშვილს აირჩევენ, ლია მუხაშავრიას თუ დიმიტრი ლორთქიფანძეს, ისინი წლების განმავლობაში იცავდნენ ადამიანის უფლებაბებს და მათ შორის სწორედ პატიმართა უფლებებს. ჩემთვის აბსოლუტურად მისაღებია სამივეს კანდიდატურა და აბსოლუტურად მიუღებელია თამარ გურჩიანის კანდიდატურა“,-აცხადება მოროშკოინა.