ბიძინა ივანიშვილი: აჭარის მთავრობის ხელმძღვანელის  პოსტზე სამი კანდიდატურა განიხილება

ბიძინა ივანიშვილი: აჭარის მთავრობის ხელმძღვანელის პოსტზე სამი კანდიდატურა განიხილება

საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის თანამდებობაზე სამი კანდიდატი განიხილება.

ივანიშვილის განცხადებით, საუბარი არმაზ ახვლედიანზე,  ჯემალ ფუტკარაძესა და არჩილ ხაბაზის კანდიდატურებზეა.

ამასთან,  ივანიშვილი პრეზიდენტს მოუწოდებს,  უმაღლესი საბჭოს მოწვევა დააჩქაროს და პარასკევისთვის მთავრობის თავმჯდომარის პოსტზე ერთ-ერთ კანდიდატზე ის უკვე ჩამოყალიბებული იქნება.

„გუშინ არმაზ ახვლედიანთან მქონდა შეხვედრა, ახლა კი, აჭარის რეგიონის მაჟორიტარებს, უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეს და უმრავლესობის წევრებს შევხვდი. აჭარის მთავრობის ხელმძღვანელის კანდიდატურასთან დაკავშირებით გავაგრძელეთ კონსულტაციები და ძალიან საინტერესო შეხვედრა გამოგვივიდა. ჩვენ გვქონდა მცდელობა წინ წავსულიყავით. დეპუტატებმა მე და ჩემს გუნდს მოგვანდეს საკითხის გადაწყვეტა“, - განაცხადა ივანიშვილმა.

ივანიშვილი აღნიშნავს, რომ სამივე კანდიდატურა საინიციატივო ჯგუფისთვის მისაღებია. „დავავალე და დღეს მიმართავენ პრეზიდენტს,  რომ დაჩქარდეს ზეგისთვის უმაღლესი საბჭოს მოწვევა.  ამ დროით ვისარგებლებ, რათა საბოლოო გადაწყვეტილება მივიღო“,-  განაცხადა ივანიშვილმა.