საქართველოს პრემიერ-მინისტრობის მოვალეობის შემსრულებელმა, „ნაციონალური მოძრაობის“ გენერალურმა მდივანმა ვანო მერაბიშვილმა დღეს, პრეციალური პრესკონფერენცია გამართა.
მერაბიშვილის ინფორმაციით, ბიუჯეტში 2 მილიარდ ლარზე მეტია აკუმულირებული.
„1 ოქტომბრის მონაცემებით, მას შემდეგ რაიმე სერიოზული ცვლილება არ განხორციელებულა, საქართველოს სახელმწიფოს სხვადასხვა ანგარიშებზე აკუმულირებულია 2 მილიარდ ლარზე მეტი. მე პოლიტიკაში მოსვლამდე ვმუშაობდი ტექნიკურ უნივერსიტეტში და ძალიან კარგად ვიცი, რომ შეიძლება, ბევრმა პოლიტიკოსმა მოიტყუოს, მაგრამ ციფრები არასოდეს იტყუებიან“, - განაცხადა მერაბიშვილმა.
მერაბიშვილმა ჟურნალისტებს კონკრეტული მონაცემებიც წარუდგინა, რომლის თანახმად, სახელმწიფო ხაზინის ანგარიშებზე არის 920 მლნ ლარი, ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების ანგარიშებზე - 200 მლნ ლარი, საჯარო სამართლის იურიდიული პირების ანგარიშებზე - 320 მლნ ლარი, ხოლო სახელმწიფო საწარმოების დეპოზიტებზე - 587 მლნ ლარი.
„მესმის, 2 მლრდ ლარი არ არის საკმარისი, რომ თუნდაც ნაწილობრივ დაფინანსდეს ის, რასაც მომავალი მთავრობა ხალხს დაჰპირდა, მაგრამ იმის თქმა, რომ ხაზინაში ფული არ არის, არის სიცრუე. თუ ზოგიერთი ჩვენი კოლეგა მომავალი მთავრობიდან მიიჩნევს, რომ სახელმწიფო კომპანიის ან ორგანიზაციის ანგარიშზე არსებული თანხები არ შეიძლება განიხილებოდეს როგორც საბიუჯეტო თანხა, შევახსენებ, რომ საკმარისია ახალი მთავრობის და პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილება და ყველა ეს თანხა ზუსტად ნახევარ საათში მოხვდება ხაზინის ანგარიშებზე“, - განაცხადა ვანო მერაბიშვილმა.
ცნობისთვის, ფინანსთა მინისტრობის კანდიდატის ნოდარ ხადურის განცხადებით, ხაზინაში დღეის მდგომარეობით, მხოლოდ 200 მილიონია.
„დღეის მდგომარებით ხაზინაში არის მხოლოდ 200 მილიონი და არა ორი მილიარდი, შემიძლია, წარმოგიდგინოთ ამონაწერი. არაფერი გადაჭარბებით არ არის შესრულებული“,- განაცხადა ხადურმა.