პრემიერმინისტრობის კანდიდატმა ბიძინა ივანიშვილმა საპარლამენტო უმცირსობასთან შეხვედრისას განაცხადა, რომ ისინი მაქსიმალურად გაუწევენ ანგარიშს უმცირესობის ყველა კონსტრუქციულ მოსაზრებას, მაგრამ ყველას მოუწევს კანონის წინაშე პასუხისგება, ვისაც დანაშაული აქვს ჩადენილი.
„ჩვენი სურვილი იყო არა ვინმეს დამარცხება, არამედ საქართველოს გამარჯვება. დღესაც ამ აზრზე ვარ. ჩვენი არ გვსურს ვინმეს დასჯა, მაგრამ ვისაც დარღვევები ჰქონდა, მას კანონის წინაშე პასუხისგება მოუწევს. ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ უმცირესობას მიეცეს საშუალება, მონაწილეობა მიიღოს ქვეყნის განვითარებასა და წინსვლაში. იმის მიუხედავად, რომ ძალიან დიდია სხვაობა ჩვენს შეხედულებებში, ჩვენ მზად ვართ მაქსიმალური კონსტრუქციულობისთვის, რათა მოგცეთ საშუალება, მაქსიმალურად დააფიქსიროთ თქვენი აზრი“, - განაცხადა ივანიშვილმა.
ივანიშვილის აზრით, ახალი რეალობა საქართველოში ის არის, რომ დასრულდა სიცრუისა და ძალადობის ეტაპი.
„ახალი რეალობაა ის, რომ დასრულდა სიცრუისა და ძალადობის ეტაპი და ჩვენგან მსგავსი მეთოდები არ იქნება გამოყენებული. მე და ჩემი გუნდი ვიქნებით ობიექტურები და მაქსიმალურად გავუწევთ ანგარიშს თქვენს ყველა კონსტრუქციულ მოსაზრებას. ჩვენ ერთი ქვეყნის შვილები, ერთი საზოგადოების წევრები ვართ. ჩემი დიდი სურვილია, თითოეულმა თქვენგანმა მოახერხოს, რომ საზოგადოებისთვის სასარგებლო პოზიცია დაიჭიროს და თავისი ღირსეული ადგილი დაიმკვიდროს საზოგადოებაში", - აღნიშნა ბიძინა ივანიშვილმა.