დიმიტრი შაშკინი:  გავცემ პასუხს ყველა შეკითხვას და ვუპასუხებ ყველა ბრალდებას, როგორი უაზრო და ამაზრზენიც არ უნდა იყოს  ჩემთვის

დიმიტრი შაშკინი: გავცემ პასუხს ყველა შეკითხვას და ვუპასუხებ ყველა ბრალდებას, როგორი უაზრო და ამაზრზენიც არ უნდა იყოს ჩემთვის

საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი დიმიტრი შაშკინი მისი მისამართით გაჟღერებულ ბრალდებებს სიცრუეს უწოდებს.

ამის შესახებ შაშკინი სოციალურ ქსელ „facebook“-ის საკუთარ გვერდზე წერს.

„როგორც დაგპირდით,  მიუხედავად იმისა,  რომ დავტოვე საქართველო,  მე მაინც გავცემ პასუხს ყველა შეკითხვას და ვუპასუხებ ყველა ბრალდებას, როგორი უაზრო და ამაზრზენიც არ უნდა იყოს ისინი ჩემთვის. რამდენიმე დღის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ თურმე მე წასვლამდე, საკუთარი თავს 700,000 ლარიანი პრემია გამოვუწერე. მინდა, გითხრათ,  რომ ეს არის სრული ტყუილი. არც ერთი ლარის და არც 700,000 ლარის ოდენობით ჩემთვის პრემია არ გამომიწერია. თუმცა,  ამ ოთხი წლის განმავლობაში ყოველთვის ვახალისებდი შრომისმოყვარე და კეთილსინდისიერ თანამშრომლებს პრემიების მეშვეობით. ეს პროცესი იყო გამჭვირვალე და ხდებოდა კანონის სრული დაცვით. ვთვლი, რომ კარგი მუშაობისთვის თანამშრომელი უნდა დააფასო იმისთვის, რომ სხვებისთვის იყოს  მისაბაძი მაგალითი. ჩემი განათლებისა და მეცნიერების მინისტრობის დროს ყველა დეპარტამენტის უფროსი მაძლევდა იმ თანამშრომელზე რეკომენდაციას, რომლებიც მათზე დაკისრებულ მოვალეობებს კეთილსინდისიერად ასრულებდნენ. წახალისების იგივე მეთოდი მქონდა თავდაცვის სამინისტროში, სადაც დეპარტამენტის უფროსების გარდა, ვიზიარებდი გაერთიანებული შტაბის პოზიციასაც. ასევე,  ყოველთვის ვცდილობდი, სახელმწიფოს სახელით, არ მიმეტოვებინა გასაჭირში ის თანამშრომელი,  ან მისი ოჯახის წევრი, რომელსაც სჭირდებოდა სამედიცინო დახმარება. რა თქმა უნდა, ეს ყოველივე ხდებოდა კანონის სრული დაცვით,  რაც ასახულია ოფიციალურ დოკუმენტაციაშიც. ვისაც არ ჰქონია სახელმწიფო სამსახურთან შეხება, მინდა, გითხრათ,  რომ ნებისმიერი ტრანზაქცია სამინისტროებში საბანკო გადარიცხვებით ხორციელდება და მკაცრად კონტროლდება. ასევე,  ვეხმაურები ამა წლის სექტემბერში ბინების სამხედრო მოსამსახურეების ოჯახებისთვის არასამართლიანად გადაცემის ბრალდებას. ესეც არის სრული სიცრუე. მინდა, მოვახსენო საზოგადოებას,  რომ ამ ბინების მშენებლობა მიმდინარეობდა 2007 წლიდან და ჩემი თავდაცვის სამინისტროში გადასვლისას, მშენებლობის პროცესი შეჩერებული დამხვდა. მე ყველაფერი გავაკეთე იმისთვის, რომ მშენებლობა გაგრძელებულიყო და 2 თვეში დავასრულებინე ამ კომპლექსის მშენებლობის პირველი ეტაპი - ოთხი კორპუსის დასრულება. გაერთიანებულ შტაბში შეიქმნა სპეციალური კომისია,  რომლის წევრებიც იყვნენ ჩვენი შეიარაღებული ძალების საუკეთესო ოფიცრები და სწორედ მათ გადაანაწილეს აღნიშნული ბინები 800 სამხედრო მოსამსახურისთვის. დარჩენილ სამხედრო მოსამსახურეებს ეს ბინები გადაეცემოდათ 2013 წლის მაისში,  როდესაც დანარჩენი კორპუსების მშენებლობა დასრულდებოდა. ჩემი ერთადერთი თხოვნა კომისიის მიმართ იყო ის,  რომ პირველ რიგში, დაეკმაყოფილებინათ ავღანეთში დაჭრილი სამხედროები და მათი ოჯახები და ლოპოტის სპეცოპერაციის დროს დაღუპული სამხედრო ექიმის ოჯახი. თუ ეს დანაშაულია,  მე მზად ვარ, პასუხი ვაგო ამისთვის ქართული საზოგადოების წინაშე“, - წერს შაშკინი „facebook“-ის საკუთარ გვერდზე.